საქართველო-ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისები გაიზარდა - რა მოცულობის და რა სახის ტვირთი გადაიზიდა

საქართველო-ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისები გაიზარდა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავიაკომპანია SF Airlines-მა, რომელმაც საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული სატვირთო ფრენების განხორციელება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო, ოპერირების სიხშირე გაზარდა. აღნიშნულის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გასცა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ივლისში ჩინეთიდან იმპორტი 12%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 49.083 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, ხოლო წინა წლის 7 თვეში 43.930 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება ექსპორტს, აქ შემცირება ფიქსირდება. სტატისტიკის მიხედვით, წელს 7 თვეში ჩინეთში ავიარეისებით 16.578 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გაიგზავნა, შარშან იგივე პერიოდში კი, 22.383 მლნ აშშ დოლარის.

საერთო ჯამში ჩინეთი საჰაერო გადაზიდვებში, ბრუნვის მიხედვით, ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. პირველ სამ პოზიციაზეა, არაბთა გაერთიანებული საამიროები (121.523 მლნ აშშ დოლარი), შვეიცარია (118.052 მლნ აშშ დოლარი) და ჰონგ-კონგი (115.177 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს იანვარ-ივლისში ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი მოცულობით გადაიზიდა (საჰაერო გზით), ასეთია:

ტოპ-5 ექსპორტირებული:

  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 13.796 მლნ აშშ დოლარი;
  • სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 1.878 მლნ აშშ დოლარი;
  • რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - 413 800 აშშ დოლარი;
  • ფარმაცევტული პროდუქცია, მოხსენიებული მოცემული ჯგუფის 4 შენიშვნაში - 145 300 აშშ დოლარი;
  • ბამბა, მარლა, ბინტები და ანალოგიური ნაწარმი - 140 500 აშშ დოლარი.

ტოპ-5 იმპორტირებული:

  • აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის, - 8.056 მლნ აშშ დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 6.520 მლნ აშშ დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 6.270 მლნ აშშ დოლარი;
  • ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი 3.318 მლნ აშშ დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 2.876 მლნ აშშ დოლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად, ჩინეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი (ყველა ტრანსპორტით) გაზრდილია და ამ მხრივ, საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის - თურქეთის რუსეთისა და აშშ-ს შემდეგ, მეოთხე ადგილზეა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, წელს საანგარიშო პერიოდში საქართველო-ჩინეთს შორის 1.056 მლრდ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 945.872 მლნ აშშ დოლარის.

ნინი ქეთელაური