შვედეთის ლინჩეპინგისა და ბორასის უნივერსიტეტების მკვლევარები “ტექსტილის კუნთების” ტექნოლოგიაზე მუშაობენ, რომელმაც შესაძლოა, ადამიანის ეგზოჩონჩხისა და სხვა სატარებელი მოწყობილობების შექმნის მიდგომა შეცვალოს. ინფორმაციას TechXplore ავრცელებს.
ეგზოჩონჩხი არის მოწყობილობა, რომელიც დაკარგული ფუნქციების შესავსებად, ასევე, ადამიანის კუნთების სიძლიერის გასაზრდელად და მოძრაობის ამპლიტუდის გაფართოების მიზნით არის შექმნილი. ის გარე კარკასისა და შემადგენელი ნაწილების დახმარებით მუშაობს.
შვედი მეცნიერები ავითარებენ ქსოვილებს, რომლებსაც ელექტრული დენის ზემოქმედებისას შეკუმშვა და გაჭიმვა შეუძლიათ. ეს სიმძიმის აწევისას ან თუნდაც შორიდან შეხების სიმულაციის დროს ადამიანს დამატებით ძალას ანიჭებს.
ტექნოლოგია უკვე გამოიყენება ისეთ პროტოტიპებში, როგორიც სამოსის სახელოა, რომელიც შეხების შეგრძნებას მანძილზე გადასცემს. კერძოდ, როცა ერთი ადამიანი თავის სახელოს ეხება, მეორეს შეუძლია ეს თავისი სახელოს მეშვეობით იგრძნოს, რასაც ტექსტილის კუნთების შეკუმშვა უზრუნველყოფს. ამას შესაძლოა, პრაქტიკული გამოყენება მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის ჰქონდეს, რაც ტაქტილური სიგნალების გამოყენებით მათ ქალაქის გარემოში ნავიგაციაში დაეხმარება.
იმის მიუხედავად, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, მკვლევარები მისი გამოყენების დიდ პოტენციალს სხვადასხვა სფეროში ხედავენ, დაწყებული ხანდაზმული ადამიანებისთვის და მშენებლობით დამთავრებული. ისინი წონის გაზრდაზე მუშაობენ, რომ ტექსტილის კუნთებს უფრო მეტი მოცულობის ტვირთის აწევა შეეძლოთ. საბოლოო მიზანია სრულფასოვანი რბილი ეგზოჩონჩხის შექმნა, რომელიც ტანსაცმლის ქვეშ უხილავი იქნება.
ცნობისთვის, ივლისის ბოლოს The Verge წერდა, რომ ამერიკულმა კომპანია Arc'teryx-მა Google's X Labs-ის განშტოება Skip-თან პარტნიორობით ტურისტებისთვის ეგზოჩონჩხის შარვალი, MO/GO შექმნა. MO/GO-ს შარვალი ძალას აძლიერებს. კერძოდ, შარვალს მუხლის არეში მსუბუქი ელექტროძრავა აქვს, რომელიც მოგზაური ადამიანის ძალას აღმართზე ასვლისას აძლიერებს, ხოლო დაღმართზე ჩასვლისას დარტყმას შთანთქავს. MO/GO-ს შარვლები გაყიდვაში უკვე ხელმისაწვდომია. მას შეუძლია, ტურისტის წონა, თითქმის, 14 კგ-ით შეამსუბუქოს. MO/GO-ს სისტემას ქამარში ინტეგრირებული აკუმულატორული ბატარეა, ხოლო თითოეული ფეხის არეში ჩამოკიდებული ენერგოკვების მოდულები აქვს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ