რომის ხელისუფლება ქალაქის პოპულარულ ღირსშესანიშნაობაზე, ტრევის შადრევანზე წვდომის შეზღუდვას განიხილავს. ინფორმაციას Reuters რომის საკრებულოს წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეზღუდვა Jubilee 2025-ის წინ დაწესდება, რომელიც ვატიკანში მთავარი დღესასწაულია და ყოველ 25 წელიწადში ერთხელ იმართება. ამდენად, ქალაქი მომავალ წელს 32 მლნ ტურისტსა და მომლოცველს მიიღებს.
დაგეგმილია, რომ შადრევნის კიბეებზე მოხვედრა, სადაც, როგორც წესი, ტურისტების უზარმაზარი მასა იკრიბება, ფიქსირებული დროის ინტერვალით შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვის წინასწარი დაჯავშნით იქნება შესაძლებელი.
რომის ტურიზმის მრჩეველ ალესანდრო ონორატოს განცხადებით, თავად რომაელებისთვის ტრევის შადრევნის მონახულება უფასო იქნება, მაშინ, როცა “არარეზიდენტებს 1 ან 2 ევროს ოდენობით სიმბოლური შენატანის გადახდა მოუწევთ".
მანამდე ქალაქის მერმა, რობერტო გუალტერიმ განაცხადა, რომ ტრევის შადრევანთან არსებული ვითარება ხალხის უზარმაზარი მასის გამო ტექნიკურად მეტად რთული სამართავი ხდება.
ცნობისთვის, ტრევის შადრევანი, დაახლოებით, 300 წლისაა. 1762 წელს დასრულებული ძეგლი გვიანი ბაროკოს შედევრია ტრიტონების ქანდაკებებით, რომლებიც ოკეანის ღმერთის ნიჟარის ეტლს მართავენ, რაც წყლების მოთვინიერების თემას ასახავს. შადრევანში ყოველდღე 3 000-დან 4 000 ევრომდე ოდენობის სხვადასხვა ნომინალის მონეტა იყრება. ამბობენ, რომ სურვილის ასასრულებლად საჭიროა შადრევანთან ზურგით დადგომა და მარჯვენა ხელით მონეტის მარცხენა მხრიდან გადაგდება. ერთი მონეტის გადაგდება რომში დაბრუნების, ორი მონეტა სიყვარულის, სამი კი დაქორწინების მომტანია. ეს ლამაზი რიტუალი შადრევანს მონეტების ნაკადით უზრუნველყოფს. შადრევანი ფულისგან ყოველ ღამე იწმინდება, ხოლო შეგროვილი თანხა კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas Italiana-ს გადაეცემა. ორგანიზაცია გაჭირვებულებს, მათ შორის, დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და უსახლკაროებს ეხმარება. Caritas სპეციალურ სასადილოებსა და მაღაზიებს ხსნის, სადაც დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს კვება და სურსათის შეძენა სპეციალური კუპონებით შეუძლიათ. შადრევნის წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 1.5 მლნ ევროა. 2023 წელი რეკორდული იყო, როცა შადრევანში 1.6 მლნ ევრო შეგროვდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ