2024 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3%-ით გაზრდილია, თუმცა, წელს 6 თვეში, შარშან 2 კვარტლის მონაცემებთან შედარებით, 34%-ით შემცირებულია.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მე-2 კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, შარშან, იგივე პერიოდში 520.8 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება 2 კვარტლის დაჯამებულ მონაცემებს, საქსტატის მიხედვით, წელს 6 თვეში, საქართველოში ჯამში 768.6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, შარშან ნახევარი წლის განმავლობაში კი 1.165 მლრდ აშშ დოლარის.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" ამბობს, რომ 10.3%-იანი კვარტალური ზრდა, ეკონომიკისთვის დიდს არაფერს ნიშნავს. ამასთან, აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ინვესტიციების ეს დინამიკა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან არის დაკავშირებული.
„ინვესტიციებში 10%-ანი ზრდა, ბევრი არაფერია. თუ ამ კვარტალურ მაჩვენებელს გავაწლიურებთ და 4-ზე გავამრავლებთ, რაც არ უნდა ოპტიმისტურად შევხედოთ, ინვესტიციების მოცულობა 2 მლრდ დოლარსაც ვერ აღწევს. მით უფრო, ეკონომიკის დღევანდელ მოცულობას თუ გავითვალისწინებთ, მისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. არამგონია, რომ ჩვენთვის საამაყო იყოს. ზოგადად, ქვეყანაში არის ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი. მაგალითად, 2 მლრდ აშშ დოლარიანი ინვესტიციები 2007 წელს გვქონდა, 17 წლის წინ. 2007 წლის შემდეგ, ეკონომიკა მკვეთრად გაზრდილია, შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ მეორე კვარტალში ინვესტიციები 10%-ით გაიზარდა, გვაკარგვინებს პერსპექტივას და ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არ არის საინვესტიციოდ მიმზიდველი.
რაც შეეხება ოფშორებიდან განხორციელებულ ინვესტიციებს, ზუსტი მონაცემი გაზრდილია თუ არა, არ ვიცით . იმ შემთხვევაში თუ ოფშორების წილი გაიზარდა, აშკარაა, რომ მისი გავლენაც იქნება ინვესტიციებში. თუმცა, მაინც რთული სათქმელია საიდან მოდის ეს ზრდა. მოდით ასე შევხედოთ, რატომ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში?! ამის მთავარი მიზეზი არის რუსეთის ბარბაროსული ომი უკრაინაში და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური ტრენდები. მათ შორის, იგივე რუსების დიდი რაოდენობით შემოდინება, რუსეთის როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის შემცირება სანქციების გავლენით და ამიტომ, რაღაც ნაწილი სატრანზიტო ფუნქციის საქართველოს მიერ თავის თავზე აღება (ნაწილი ლეგიტიმურია, მაგრამ ნაწილი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაა).
სამწუხაროდ, გამჭვირვალობის ის დონე არ არის, რომელიც ზუსტად დაგვანახებს ამ ფაქტორების გავლენას უცხოურ ინვესტიციებში. თუმცა ვარაუდის დონეზე არ შეიძლება რომ ამ ორ რაღაცას შორის კავშირი არ დავინახოთ. ისევ და ისევ, თუ ოფშორების წილი გაზრდილია, ოფშორებს აქვს ის ტენდენცია, რომ უფრო გაუმჭვირვალე ფული მოძრაობს და ამიტომ, აშკარა სამხილი ვერ გვექნება (ეგ არის ამ ოფშორების დეფინიცია, რომ პირდაპირი სამხილი არ გაქვს, აქ კონფიდენციალურობის ფაქტორია ის, რაც იზიდავს იგივე რუსულ შავ კაპიტალს ოფშორებისკენ), მაგრამ ეს კანონზომიერება რომ არ დავინახოთ (ოფშორების გავლენა ინვესტიციების მაჩვენებელზე), სულელები უნდა ვიყოთ. უნდა ვივარაუდოთ მაინც.
შეჯამებისთვის, მთლიანი ინვესტიციების მოცულობა არაფერი არ არის, არ ვიცი საამაყო რა გვაქვს ამაში. დიდი ალბათობით, ინვესტიციების ეს დინამიკა დაკავშირებულია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან. შესაბამისად, ვერანაირად ვერ მივაკუთვნებთ ამ 10%-იან ზრდას სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, გარემოს გაუმჯობესებას, მდგარად განვითარებას, გამჭვირვალობის, თუ გარემოს გაუმჯობესებას,“- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.