მთავრობა 2025 წლის 1-ლი კვარტლისთვის 16 ახალი ჰესის მშენებლობას ელოდება

2024 წელს და მომავალი წლის პირველ კვარტალში დამატებით 16 სადგურის მშენებლობას ველით, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯუბო ტურაშვილმა განაცხადა.

როგორც ტურაშვილმა აღნიშნა, ჯამური დადგმული სიმძლავრე 150 მეგავატი იქნება.

„დღეის მდგომარეობით 63 ჰიდროელექტროსადგური არის აშენებული, ჯამური დადგმული სიმძლავრით 773 მეგავატი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს და მომავალი წლის პირველ კვარტალში ველოდებით დამატებით 16 სადგურის მშენებლობას, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე საორიენტაციოდ 150 მეგავატი გახლავთ.

გარდა იმ პროექტებისა, რომელიც ამჟამად მშენებლობისა და ლიცენზირების ეტაპზე იმყოფებიან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილია 300მდე ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შემდგომში მათი ფლობისა და ოპერირების მიზნით“,- განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.

მერი ტაბატაძე