„ერთი კგ ხორბალი 60-65 თეთრის ფარგლებში ჩაიბარეს - ფერმერების ნაწილს არსებული ფასი არ აკმაყოფილებს“

„ერთი კგ ხორბალი 60-65 თეთრის ფარგლებში ჩაიბარეს - ფერმერების ნაწილს არსებული ფასი არ აკმაყოფილებს,“ - როგორც "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ეს მსოფლიო ბაზრის ტენდენციებზეა დამოკიდებული.

„წელს შარშანდელზე უკეთესი სიტუაცია გვქონდა. რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია, თუნდაც ფასთან მიმართებაში, რადგან ფერმერების ნაწილს არსებული ფასი არ აკმაყოფილებს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს მსოფლიო ბაზრის ტენდენციებზეა დამოკიდებული და ჩვენ ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიზამთ, რადგან ეს არის საბაზრო ეკონომიკა და იმპორტირებული ხორბლის ფასი შესაბამისად არის ჩამოყალიბებული.

წელს პირველად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა შტაბი, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებულნი იყვნენ წისქვილკომბინატის წარმომადგენლები, პურის მწარმოებლები და ფერმერები, შესაბამისად სიტუაციები პერიოდულად განიხილებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ წელს ნაკლები გამოწვევები იყო,“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, წელს ხორბლის მოსავალი 200 ათას ტონას შეადგენდა, საიდანაც 40 ათასი ტონა უკვე ჩაბარებულია.

„ხორბლის მოსავალი წელს უკეთესი იყო და დაახლოებით 200 ათას ტონას შეადგენდა, აქედან სასურსათო - დაახლოებით, 40 ათასი ტონა უკვე ჩაბარებულია, დანარჩენი მოსავალი ჯერ არ არის ჩაბარებული, რადგან ფერემერები ზამთრისთვის ელოდებიან ფასის მატებას.

რაც შეეხება ფასს, წისქვილკომბინატებმა ერთი კილოგრამი ხორბალი 60-65 თეთრის ფარგლებში ჩაიბარეს, იმპორტირებულის ფასი კი 74-75 თეთრის ფარგლებში მერყეობდა. ეს სხვაობა გადასახადის საკანონმდებლო მიმართულებით არის გამოწვეული - ქართული ხორბლის მიწოდება დღგ-სგან არის გათავისუფლებული, იმპორტირებული კი არა. სხვაობას სწორედ ის 18% შეადგენს. წლევანდელი წელი შარშანდელთან შედარებით საკმაოდ წარმატებული იყო,“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.

ეკა დარჩიაშვილი