წელს ბათუმი ტურისტებით განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. მათი სიმრავლე იგრძნობოდა გზებზე, სხვადასხვა ობიექტის რიგებში თუ სანაპირო ზოლზე.
როგორც ჰოტელიერი, ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა “პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ამის მიზეზი ის პოპულარიზაცია და საერთაშორისო ჯილდოები იყო, რომელიც აჭარამ ბოლო წლების განმავლობაში დააგროვა.
თუმცა, ჰოტელიერმა აღნიშნა, რომ დიდი ნაკადებისთვის ბათუმი მზად არ აღმოჩნდა. კერძოდ, გაუმართავი სერვისების, გადაუმზადებელი კადრებისა თუ სხვა პრობლემების შესახებ არაერთი ტურისტი წერდა. შესაბამისად, მაია მურაჩაშვილის თქმით, საკმაოდ სახიფათოა, რომ აჭარას დაგროვილი პოპულარიზაცია, ნეგატიურად არ შემოუბრუნდეს.
„ბათუმს წელს ნამდვილად ბევრი დამსვენებელი მიაწყდა და ამას თავის მიზეზები აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ბათუმი რამდენჯერმე საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებული ქალაქი გახდა. აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციამაც საკმაოდ დიდი პიარ-კამპანია ჩაატარა ამისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში ნაგროვებმა ცნობადობამ თავისი შედეგი გამოიღო. აქ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ის რეპატრიატები, რომლებიც ცხოვრობენ ბათუმში და მათთან ჩამოსული სტუმრებიც უკვე ტურისტებად აღიქმებიან. ამ ყველაფერმა თავის შედეგი გამოიღო, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, ისე არ უნდა მოხდეს, რომ ეს პიარი და ხალხის ინტერესი შეეჩეხოს არასაკმარის სერვისს, ხარისხს და გაუმართაობას.
ფასები, ზოგადად, საქართველოს ტურისტულ ადგილებში არ არის დაბალი, ბათუმი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი ფასებით. შესაბამისად, სერვისის მიწოდება ვერ ხდება. ჯერ ერთი, კადრების ნაკლებობაა. ამას ძალიან ბევრი ტურისტი წერს, მას შემდეგ რაც ბათუმიდან თავის ქვეყანაში ბრუნდებიან, ინფრასტრუქტურა, გადაადგილება, საცობები, გაძვირებული ფასები, ძალიან ხშირი რიგები რესტორანში, არასწორი და არასაკმარისი მომსახურება და სერვისი. სწორედ ამას ვამბობდი, რეკლამირება შეიძლება გავწიოთ ამა თუ იმ ქვეყნის როგორც პროდუქტის, მაგრამ ამას თუ შესაბამისი მზაობა არ ექნება ინფრასტრუქტურულად, სერვისის, გადამზადებული კადრების კუთხით, მივიღებთ უკუშედეგს. სამწუხაროდ, მართლაც ძალიან სახიფათო მომენტია, რომ უკუშედეგი არ მიიღოს აჭარამ.
ყველაზე უფრო მეტი უკუკავშირი ტურისტებისგან აჭარის რეგიონზე მოდის, არა მხოლოდ უცხოელებისგან არამედ ქართველი დამსვენებლებისგანაც,“ - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.