„ქართველ მცირე და საშუალო ავტო იმპორტიორებს ძალიან დიდი კონკურენციას უწევენ ცენტრალური აზიის ავტო დილერები,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს ქვეყანაში მოთხოვნაზე დაახლოებით, 60 ათასი ერთეულით მეტი ავტომობილი შემოვიდა. თავის მხრივ, ჭარბმა მიწოდებამ ფასების თვითღირებულებასთან მიახლოება გამოიწვია, რის გამოც, ავტოიმპორტიორების მოგების მარჟა შემცირდა.
„წინა წელი იყო პროფიციტური, სადღაც 60 ათასი ერთეულით მეტი ავტომობილი შემოვიდა, რამაც ბაზარი მნიშვნელოვნად გაჭედა. მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში იმპორტი იკლებს და ეს ტენდენცია გრძელდება იმიტომ, რომ მოთხოვნამ მიწოდება უნდა დააბალანსოს. ყველაზე აქტიური მაინც ზაფხულის სეზონია, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ნელ-ნელა იკლებს მოთხოვნა. ახლა ავტომობილების რაღაც ნაწილი ამოიყიდება, ბაზარი გაიწოვს და შემდგომ ეტაპზე მოთხოვნა კლებას დაიწყებს და ვიმედოვნებთ, რომ ის ჭარბი მიწოდება, რაც იყო ამოიყიდება.
ეს რაც შეეხება „საქსტატის“ მონაცემებს, თუმცა, არის მოლოდინები, რაც მცირე და საშუალო ავტო იმპორტიორებთან არის დაკავშირებული. ისინი იძახიან, რომ ძალიან დიდ კონკურენციას უწევენ ცენტრალური აზიის დილერები. იმის გამო რომ ჭარბი მიწოდება იყო, თვითღირებულება ეზრდებათ, შესაბამისად ფასები თვითღირებულებას ვერ ეწევა და ისინი ზარალზე მიდიან. ამიტომ, მათი მოლოდინი ისეთი დადებითი არ არის, როგორიც „საქსტატის“ მშრალი მონაცემებია ექსპორტის შესახებ.
ჩვენ მხოლოდ ვაჭრობისა და გაყიდული ავტომობილების მდგომარეობას ვაფასებთ და ნაკლებად ვუყურებთ იმას, ავტო იმპორტიორების მოგების სახით ქვეყანაში რა გვრჩება. სამწუხაროდ, ამ მაჩვენებლებს არც „საქსტატი“ არ აქვეყნებს და არც ანალიზში ვიყენებთ. მცირე და საშუალო დილერებმა ამაზე დაგვაფიქრეს - დამატებითი ღირებულების სახით ქვეყანას რა დარჩება ეს პრიორიტეტული მაჩვენებელი უნდა იყოს ჩვენთვის,“ - აღნიშნა ნონიაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 1.3%-ით გაიზარდა. წელს ამ პერიოდში ექსპორტირებულია 1.193 მლრდ დოლარის 57 323 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, ხოლო შარშან პირველ შვიდ თვეში 1.178 მლრდ დოლარის 60 475 ერთეული.
რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 14%-ით შემცირდა. წელს საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 1.607 მლრდ დოლარის 104 845 ერთეული ავტომობილი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1.876 მლრდ დოლარის 123 410 ერთეული.