ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალია - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალია. სებ-ის ცნობით, ამის მიუხედავად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი სუსტია, რაც პოტენციური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს.

„ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალია. თუმცა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი შედარებით სუსტია, რაც, სებ-ის შეფასებით, პოტენციური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს. ეროვნული ბანკის არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

ამასთან, ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ პოზიტიური ფაქტორების მიუხედავად, საყურადღებოა მაღალი გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლოა ინფლაციური წნეხი წარმოქმნას.

„მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები და საერთაშორისო ტრანსპორტირების გართულება კვლავ სახეზეა. ამის ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ გაურკვევლობა გაზრდილია, რაც იმპორტული საქონლის ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის. მაღალ ეკონომიკურ ზრდას, პოტენციალის ზრდასთან ერთად მაღალი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. შესაბამისად, შიდა ეკონომიკური აქტივობის ტენდენციებიც ინფლაციურ რისკებს შეიცავს“, - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

შეგახსენებთ, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცლელად 8%-იან ნიშნულზე დატოვა.

მერი ტაბატაძე