როგორ შეიცვალა თბილისში ძველი და ახალი ბინების ფასი და გაყიდვები - აგვისტოს მონაცემები

2024 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 230 ერთეული შეადგინა და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 5%-იანი კლება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბაზრის ზომა 7%-ით, 230 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

„2024 წლის აგვისტოში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.4%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებელი 17%-ით არის შემცირებული.

2024 წლის აგვისტოში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 10%-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ცენტრში 9%-ით. ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა.

2024 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბანში, ქალაქის ცენტრში 7%-იანი, ხოლო ფართო ცენტრში 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი