პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ საკანონმდებლო ორგანოში „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილების ფლობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.
აღნიშნული კანონპროექტი ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილის ფლობისა და წილების გასხვისების საკითხების მოწესრიგებას ეხება. ამასთან, დეპუტატი ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილების რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული პირებისთვის გადაცემის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.
„წარმოდგენილი კანონპროექტით მოხდება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურზე რუსული გავლენების დაზღვევა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფა,“ - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიხედვით, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულებასა და ექსპლუატაციაში შესვლამდე ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წილის 50%-ზე მეტს საქართველოს სახელმწიფო უნდა ფლობდეს.
„ინიციატივის მიზანია ანაკლიის ნავსადგურზე საქართველოს სახელმწიფოს წილობრივი უპირატესობის საკანონმდებლო უზრუნველყოფა განსაზღვრული დროით,“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამასთან, კანონპროექტში განსაზღვრულია ვინ მიიჩნევა რუსეთთან დაკავშირებულ პირად. დოკუმენტის თანახმად, ესენი შეიძლება იყვნენ: რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი ფიზიკური; იურიდიული პირი ან/და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი; ნებისმიერი ქვეყნის ფიზიკური, იურიდიული პირი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც პირდაპირ ან/და ირიბად დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან.