სეს-ი მოსახლეობას ფაროსანას წინააღმდეგ სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანას წინააღმდეგ სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდებს. როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე სეზონიდან აზიური ფაროსანა საცხოვრებელ სახლებში აქტიურად დაიწყებს შესვლას.

ამავე ცნობით, სააგენტო მავნებლის წინააღმდებ ღონისძიებების გატარებას ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს. დღეისათვის, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 168 180 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით - 96 057, 05 ჰა ფართობი, მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებულია 122 231 სპეციალური სადგური და 6487 ფერომონიანი დამჭერი.

შემოდგომის დადგომასთან ერთად, აზიური ფაროსანა ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისაკენ ინაცვლებს. გამოსაზამთრებლად მიგრირებული მავნებლის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოგიწოდებთ“,- აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია ზარიძე