საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის 77.7% ორ ქვეყანაზე - ყაზახეთსა და ყირგიზეთზე მოდის. საქსტატის მონაცემებით, წელს 10 თვის განმავლობაში რეექსპორტზე 88 235 ავტომობილი გავიდა, აქედან 68 619 ერთეული სწორედ ზემოთჩამოთვლილ ორ ქვეყანაში.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 13.5%-ით გაიზარდა.
წელს ათ თვეში ექსპორტზე გავიდა 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების 88 235 ერთეული მსუბუქი ავტომობილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ავტომობილების უდიდესი ნაწილის ექსპორტი ყირგიზეთსა და ყაზახეთში განხორციელდა, მთლიანი რაოდენობის 77.7%.
უფრო კონკრეტულად, ყირგიზეთში ექსპორტზე გავიდა 27 200 ერთეული ავტომობილი, რომელთა ჯამური ღირებულებაც 963.9 მილიონ დოლარს აჭარბებდა.
რაც შეეხება ყაზახეთს, აღნიშნულ საექსპორტო ბაზარზე გატანილია 620.1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 41 419 ერთეული მსუბუქი ავტომობილი.
მონაცემები აჩვენებს, რომ ყირგიზეთში ერთი ავტომობილის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 2.4-ჯერ ძვირი დაჯდა, ვიდრე ყაზახეთში. კერძოდ, ერთი მსუბუქი ავტომობილი ყირგიზეთში საშუალოდ 35 439 დოლარად გადიოდა, ხოლო ყაზახეთში 14 972 აშშ დოლარად.
ყირგიზეთსა და ყაზახეთში ავტომობილების რეექსპორტის ასეთი მაღალი მაჩვენებელი დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში კი მედიაში გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველო შესაძლოა, სანქცირებული საქონლის სატრანზიტო ჰაბი გახდეს. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უმსხვილესმა ავტომწარმოებლებმა რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს, გაყიდეს აქტივები და შეწყვიტეს მათ შორის ავტომობილების იმპორტიც.
გარდა ამისა, ამავე პერიოდში ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნებმა რუსეთისთვის ძვირადღირებული საქონლის, მათ შორის ავტომობილების მიწოდება აკრძალეს. მოგვიანებით, ამას დაემატა ნებისმიერი ფასის ახალი და მეორადი, მათ შორის ელექტრო და ჰიბრიდული სამგზავრო ტრანსპორტის აკრძალვაც.
მიმდინარე წლის სექტემბერში Sky News-მა მოამზადა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ ხვდება რუსეთში საქართველოს გავლით ძვირადღირებული ავტომობილები.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სანქციების დაწესების შემდეგ საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ნულამდე დაეცა, თუმცა გაიზარდა მეზობელი ქვეყნებში - სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში ექსპორტი, სადაც ხდებოდა აღნიშნული ავტომობილების განბაჟება, რეგისტრაცია და შემდეგ უკვე რუსეთში გატანა.
იხილეთ ასევე: „ვერც სახელმწიფო გააკონტროლებს, ვერც დილერი“ - იმპორტიორები მანქანების საქართველოს გავლით რუსეთში გაყვანაზე