ქართული წარმოების LED ტელევიზორების რეალიზაცია დღეიდან დაიწყო.
როგორც ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია AG-TELECOM-ის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, პირველ ეტაპზე პროდუქცია ტექნიკის მხოლოდ ერთ მაღაზიაში გავიდა.
,,ახლო მომავალში სარეალიზაციო პუნქტები უფრო მრავალფეროვანი გახდება, მოლაპარაკებები ტექნიკის რამდენიმე მაღაზიასთან უკვე მიმდინარეობს”, - აღნიშნა მიხეილ ღლონტმა.
მისივე განმარტებით, 32-დუიმიანი ქართული წარმოების LED ტელევიზორის ქარხნული ფასი 400, ხოლო 40 დუიმიანის - 600 ლარია.
მიხეილ ღლონტის ინფორმაციით, წარმოება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროდუქცია ტექნიკის მაღაზიებს მოთხოვნის შესაბამისად მიეწოდებათ.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია 300 ათასი დოლარია. AG TELECOM-ის ქარხნის მშენებლობა 2013 წელს ქართველი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად დაიწყო.
ქრისტინე გამთენაძე
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე