საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2015 წლის ბოლოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა. კვლევაში, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულია 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%, ნაჩვენებია ბავშვებისათვის „სახიფათო სამუშაო.“
კვლევის მიხედვით საქართველოში 15.6 ათასი ბავშვი სახიფათო შრომაშია ჩართული, რაც მთლიანად ბავშვთა შრომის 63.9%-ია, ხოლო მომუშავე ბავშვთა - 46.4%. სოფლის მეურნეობა ბავშვებისთვის ძირითად დასაქმების სფეროს წარმოადგენს, სახიფათო სამუშაოს შემთხვევების უმეტესი ნაწილიც (სახიფათო სამუშაოთი დაკავებული მთლიანი შემთხვევების 73.1%) ამ დარგში გვხვდება. სახიფათო სამუშაოს უმეტესად ბიჭები ასრულებენ. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, 5-15 წლის სახიფათო სამუშაოში ჩართული ბავშვებიდან 80.7% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ხოლო 16-17 წლის ბავშვებში აღნიშნული მაჩვენებელი 64.6%-ს შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სახიფათო შრომაში დასაქმებულ ბავშვთა უმეტესობისათვის (9.0 ათასი ბავშვი) ღამით მუშაობა სახიფათო სამუშაოს განმსაზღვრელი კრიტერიუმია. 5.5 ათასი ბავშვი სახიფათო გარემოში მუშაობს, რაც სახიფათო სამუშაოთი დაკავებული ბავშვების 35.2%-ია. როგორც კვლევაშია ნათქვამი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ბავშვებს სამუშაო ადგილზე მძიმე ტვირთის ტარება უწევთ. ასეთი ბავშვების წილი სახიფათო სამუშაოთი დაკავებულ ბავშვებში 24.5%-ს შეადგენს. კვლევის მიხედვით მძიმე ტვირთის ტარება უმეტესად ბიჭებს უწევთ. სახიფათო შრომაში ასევე ჩართულები არიან ბავშვები, რომლებიც ხანგრძლივად მუშაობენ (8.7%), ამუშავებდნენ დანადგარებს/მძიმე ტექნიკას (9.1%) ან ისეთი პროფესიის არიან, რომელიც სახიფათოა ბავშვისათვის (12.7%). კვლევის შედეგების მიხედვით ბავშვებისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემა არის მტვერში ან კვამლში მუშაობა. აღნიშნულ გარემოში მუშაობა 3.2 ათასს ბავშვს უწევს, რაც სახიფათო სამუშაოთი დაკავებული ბავშვების 20.7%-ს და სახიფათო გარემოში მომუშავე ბავშვთა 58.9%-ს შეადგენს. 1.6 ათას ბავშვს (სახიფათო სამუშაოში ჩართული ბავშვების 10.1%-ს) უწევს ხმაურის ან ვიბრაციის ფონზე მუშაობა, ხოლო უკიდურეს სიცხესა ან სიცივეში 2 ათასი ბავშვი მუშაობს (სახიფათო სამუშაოში ჩართული ბავშვების 12.5%).
კვლევამ მოიცვა დაახლოებით 7700 შინამეურნეობა, რომელშიც 5-17 წლის ასაკის ბავშვი ცხოვრობს.