აღმოჩნდა, რომ საქართველოში ძიძის პროფესიით დასაქმება არცთუ ისე იოლია, რადგან ქართველ დამკვეთებს ძირითადად, ძიძა-დამხმარეები სურთ. სამწუხაროდ, ძიძებს, რომლებიც ბავშვის მოვლა-პატრონობის გარდა, სხვადასხვა საოჯახო საქმესაც ითავსებენ, ორმაგ გასამრჯელოს იშვიათად აძლევენ...
ჩემი რესპონდენტი - 38 წლის ქალბატონი 8-9 წელია, რაც ძიძად მუშაობს. მან ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა. სამაგიეროდ, თავის სამუშაო სფეროში არსებულ პრობლემებზე გულწრფელად გვესაუბრა...
- უმაღლესი პედაგოგიური განათლება მაქვს. გარკვეული პერიოდი, საბავშვო ბაღში ვმუშაობდი, ასევე - ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში, უნარშეზღუდულ ბავშვებთან... ძიძად ქართულ ოჯახებთანაც მიმუშავია და უცხოელებთანაც.
- ძიძად მუშობა რატომ, როგორ დაიწყეთ?
- სრულიად შემთხვევით: იმ დროს უმუშევარი ვიყავი და შემოსავალი მჭირდებოდა. ერთ-ერთ ოჯახთან, რომელსაც ძიძა სჭირდებოდა, ჩემმა ახლობელმა რეკომენდაცია გამიწია. მერე ამ ოჯახმა სხვა ოჯახთან გამიწია რეკომენდაცია და ჩემი საქმიანობა ასე აეწყო... ამასობაში, წლებიც გავიდა (იღიმის)... ჩემი პროფესია უკვე ძალიან შემიყვარდა, თან - შემოსავლის წყაროა. ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა.
- საჯარო დაწესებულებაში ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება გქონდათ, მაგრამ ალბათ, ოჯახში ბავშვის ძიძობა სულ სხვაა.
- დიახ. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ბაღში მუშაობისას, გარკვეული პერიოდი, "ძიძა" მერქვა (მერე კვალიფიკაცია ავიმაღლე), ოჯახში ძიძობა სულ სხვა სპეციფიკაა: ბაღში 20-40 ბავშვთან ურთიერთობა გიხდება, ოჯახში - ერთთან ან ორთან, მაგრამ ოჯახს თავისი მოთხოვნები აქვს. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ბავშვის ხასიათს უნდა გაუგო, ოჯახის მოთხოვნებიც გაითვალისწინო... ეს მარტივი არ არის.
- რომელი უფრო რთული საქმეა - ოჯახში ძიძობა თუ საჯარო დაწესებულებაში?
- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ადვილია, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში, დამკვეთ ოჯახს მიაჩნია, რომ ძიძამ საოჯახო საქმეებიც უნდა შეითავსოს. ქართველებს ძიძა-დამხმარე უნდათ. ისეთი ოჯახები ნაკლებად გვხვდება, რომლებიც ძიძისგან ბავშვის აღზრდას მოითხოვენ. როცა ბავშვს სძინავს, რატომღაც, ოჯახი (ძირითადად - დედები) მიიჩნევს, რომ ძიძა თავისუფალი არ უნდა იყოს, მან სხვა საქმეც უნდა აკეთოს (გააუთოოს, გარეცხოს...). ბავშვის დაბანის, მოვლის, კვების გარდა, საოჯახო საქმეებსაც გვავალებენ.
- ასეთ სამუშაო პირობებს რომ არ დათანხმდეთ?
- ძიძა იძულებულია, დათანხმდეს, სამსახურის დაკარგვის შიშით. ბევრ რამეს თმობს, თვალს ხუჭავს...
- როგორი სამუშაო გრაფიკი გაქვთ?
- ჩემში ყველაზე დიდ ტკივილს სამუშაო გრაფიკი იწვევს: შრომის კოდექსი მშვენიერია, თუკი მას ისე გამოიყენებ, როგორც წერია. მაგალითად, იქ წერია: ადამიანი კვირაში 40 საათზე მეტს არ უნდა მუშაობდეს და შესვენების დრო ჰქონდესო. რატომღაც, ქართულ ოჯახებს ჰგონიათ, რომ ძიძამ 12 საათი თუ იმუშავა, არაფერია. არადა, ძალიან ვიღლებით. ჩვენი შრომის ანაზღაურება ძალიან მწირია იმასთან შედარებით, რასაც გვავალებენ: ჭურჭლის რეცხვა, იატაკის მოწმენდა, დაგვა, მტვრის გადაწმენდა... ეს ორმაგი შრომაა, მაგრამ სამწუხაროდ, ორმაგ გასამრჯელოს არ გვაძლევენ. სააგენტოების განცხადებებსაც რომ გადავხედოთ, თუ როგორ ძიძებს ითხოვენ, იშვიათად შეგხვდებათ ოჯახი, რომელიც ძიძისგან მხოლოდ ბავშვის საქმეს, მის აღზრდა-განათლებას მოითხოვს. ასეთი ოჯახი დიდი გამართლება და ბედნიერებაა.
- გაგმართლებიათ?
- კი. უმეტესწილად, ასეთი ოჯახები ეკლესიურად ცხოვრობენ. ისინი საკითხებს ჰუმანურად უყურებენ. ყოველთვის ცდილობენ, რომ მაქსიმალურად, ბავშვის საქმით დაგვაკავონ. თუ საოჯახო საქმეების გაკეთებასაც ითხოვენ, დამატებით გასამრჯელოს გვთავაზობენ. პუნქტუალურობაზე, ჰიგიენასა და მოწესრიგებულობაზე არაფერს ვამბობ - რა თქმა უნდა, ყველა დედა სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელ ძიძას ითხოვს... კიდევ ერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ ძიძისგან მუშაობას შაბათსაც მოითხოვენ. ეკლესიური ოჯახები უფრო გვიგებენ, რომ მორწმუნე ადამიანისთვის შაბათ-კვირას დიდი მნიშვნელობა აქვს: გარდა იმისა, რომ ძიძამ ძალა უნდა მოიკრიბოს, შაბათს ეკლესიაში სალოცავადაც უნდა წავიდეს, კვირას კი წირვას დაესწროს. ამის ახსნა მორწმუნე მართლმადიდებლურ ოჯახებს არ სჭირდება. ასეთ ოჯახში მოხვედრა დიდი ბედნიერებაა.
- ძიძის ხელფასი რამდენია?
- ჩემი ხელფასი 400 ლარიდან დაიწყო - ერთ ბავშვს ვუვლიდი. დილის 9-დან მაქსიმუმ, საღამოს 7-ის ნახევრამდე ვმუშაობდი. შაბათ-კვირა თავისუფალი ვიყავი. წლების მერე, ძიძის ხელფასი მიზერული თანხით შეიცვალა...
- შეგიძლიათ, კონკრეტული თანხა დაგვისახელოთ?
- ტარიფები რაიონების მიხედვით იცვლება: გარეუბანში (ვაზისუბანი, ვარკეთილი, მუხიანი, გლდანი...) ძიძის ხელფასი 300-დან 400 ლარამდე მერყეობს (თითო ბავშვის მოვლისთვის), საბურთალოზე - 400-დან 500-მდე; იგივე ტარიფი შეიძლება იყოს ძველ თბილისშიც, მაგრამ ვაკეში 600 ლარი მინიმალური გასამრჯელოა.
- ამჟამად, თქვენი სამუშაო დღე როდის იწყება და სრულდება?
- დილის 9 საათზე უკვე ოჯახში ვარ. დაახლოებით, 1 წლის ტყუპს ვუვლი. მუშაობას საღამოს 9 საათზე ვასრულებ, საკმაოდ დაღლილი (იღიმის)...
- ბავშვების მოვლის გარდა, საოჯახო საქმეებსაც აკეთებთ?
- კი, საოჯახო საქმეების შეთავსება ამჟამადაც მიწევს: როცა ბავშვებს სძინავთ, მათთვის საკვების მომზადების მერე დრო თუ დამრჩა, საუთოო ყოველთვის დევს... როცა ბავშვები ერთობიან, თამაშობენ, მაშინაც საოჯახო საქმეებს ვაკეთებ... საერთოდ, ტყუპის მოვლა ძალიან დამღლელია. სხვადასხვა ასაკის 2 ბავშვის მოვლა უფრო მარტივია, ვიდრე ტყუპის.
- ტყუპზე ზრუნვისას, 2 ბავშვის მოვლის საფასურს გიხდიან?
- სამწუხაროდ, არა. ძიძა ყოველთვის უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე გასამრჯელოს უხდიან. შესაძლოა, ფინანსურად დამკვეთსაც უჭირს...
- ძიძას და დამკვეთს შორის თანამშრომლობა როგორ იწყება?
- სამუშაო პირობებზე მოლაპარაკების შემდეგ, ძიძისთვის გამოსაცდელი ვადაა (მაქსიმუმ - 1 კვირა) გამოყოფილი. ამ დროში ძიძა ოჯახს, ბავშვებს გაიცნობს. თუკი შეთანხმება შედგა, დამკვეთსა და ძიძას შორის ხელშეკრულება ფორმდება. ხელშეკრულებაში სამუშაო ვადებიც და ხელფასიც მითითებულია.
- გამოსაცდელი ვადით მუშაობაში გასამრჯელოს გაძლევენ?
- დიახ, ეს 1 კვირა ფასიანია: გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, თუ თანამშრომლობა ვერ შედგა, ხელფასის მეოთხედს გვიხდიან.
- დამკვეთთან თანამშრომლობა სამუშაო ვადის გასვლამდე შეგიწყვეტიათ?
- კი. მიზეზი ხელშეკრულების პუნქტების დარღვევა ყოფილა. მაგალითად, თუ შეთანხმებულები ვართ, რომ დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, დამკვეთი 8-მდე გვაჩერებს და ასეთი საქციელი სისტემატურ სახეს იღებს, ცხადია, უკმაყოფილებას გამოვთქვამთ. რა თქმა უნდა, 1-2-ჯერ მოთმენა შეიძლება. მაგალითად, ზაფხულში, როცა ძიძა ქალაქგარეთ გაჰყავთ, ერთნახევარ ხელფასს უხდიან, მაგრამ ხელშეკრულების ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაც მქონია... თუკი დამკვეთსა და ძიძას შორის კომუნიკაცია ვერ შედგა - დამსაქმებელმა ვერ გაიგო, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მას სურს და ძიძაც ადამიანია, ხელშეკრულება წყდება.
- ოჯახის ნდობის მოპოვება რთულია?
- კი, რა თქმა უნდა, ძირითადად - ქართული ოჯახების. პირველი კვირა განსაკუთრებულად რთულია... ზოგჯერ ძიძისგან ინგლისურის ან რუსული ენის ცოდნას ითხოვენ. ასეთი მოთხოვნა ძირითადად, შერეულ ოჯახებს აქვთ.
- დამკვეთები რა ასაკის ძიძებს ითხოვენ?
- ზოგს ახალგაზრდა ძიძა უნდა. გამოცდილი ოჯახი, რომელსაც რამდენიმე შვილი ჰყავს, 35-45 (იშვიათად - 50-მდეც) წლის ძიძას ითხოვს.
- თქვენი გამოცდილების საფუძველზე გვითხარით, როგორი უნდა იყოს კარგი ძიძა?
- პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება უნდა ჰქონდეს. სულიერად, შინაგანად მოწესრიგებული იყოს... არიან ოჯახები, რომლებიც ჰიგიენასთან ერთად, ძიძის გარეგნობასაც ყურადღებას აქცევენ... ასევე, ქართველი ქალბატონები ძიძებად აზერბაიჯანსა და თურქეთშიც მუშაობენ, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, იქ სადღეღამისო სამსახურით არიან დაკავებულები, თუმცა უცხოეთში არც გრაფიკი და არც ხელშეკრულების სხვა პუნქტები ერღვევათ. აზერბაიჯანელები და თურქები ყოველთვის ცდილობენ, ძიძა დაასაჩუქრონ, პატივი სცენ... 3 თვეში ერთხელ საქართველოში უშვებენ. ძიძას საშუალება აქვს, ოჯახის წევრები მოინახულოს... თუკი იმ ქვეყნის ენას ფლობ, სადაც მუშაობ და პლუს, ევროპული ენებიც იცი, გასამრჯელოც უფრო მაღალია - 500 დოლარის ნაცვლად, 700-800 დოლარიდან იწყება.
- საქართველოს ფარგლებს გარეთ გიმუშავიათ?
- არა. ალბათ, სამომავლოდ თურქეთში წავალ. ქართულ-თურქული პატარა სასაუბრო ვიყიდე... ძიძები გაწეული შრომისთვის შესაბამის ხელფასს რომ იღებდნენ, საქართველოში იმუშავებდნენ. მერწმუნეთ, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა არავის უხარია...
ეთო ყორღანაშვილი