შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში საშემოდგომო რგვები მიმდინარეობს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მის მოვლა-პატრონობაში არსებულ პარკებსა და ბაღებში საშემოდგომო გამწვანებით სამუშაოებს განაგრძობს.როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, აქციის ფარგლებში, სულ ოთხი სახეობის ხე-73 დასავლეთის ტუია, 53 ესპანური სოჭი, 18 მჩხვლეტავი ნაძვი და 17 უთხოვარი დაირგვება.

მათივე ინფორმაციით, გამწვანებითი სამუშაოები ვაკისა და რიყის პარკებში, ასევე 9 აპრილის, დედაენის, ვერისა და გოძიაშვილის სახელობის ბაღებში მიმდინარეობს. აღნიშნულ პარკებსა და ბაღებში გამწვანების აქცია დღის ბოლომდე დასრულდება და საერთო ჯამში 161 ახალი ხე-მცენარე დაირგვება.

მერიის ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ხეების დარგვა გუშინ დაიწყო და დღის განმავლობაში ოთხივე სახეობის 24 ახალი ხე-მცენარე დაირგო.