კომერციული ბანკების მარწუხებიდან საფონდო ბაზრის გამოხსნა მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემდა, ქართული კომპანიები დაეფინანსებინა ლარში, სესხით თუ აქციების შეძენით
ძალაში შევიდა რამდენიმე ცვლილება და საწვავი, თამბაქო და ავტომობილები უკვე გაძვირდა. სხვა ცვლილებები წლის განმავლობაში ეტაპობრივად ამოქმედდება და მათი შედეგებიც მოგვიანებით გახდება თვალსაჩინო.
გალარების პროგრამას მთავრობა 17 იანვრიდან იწყებს. მასში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სესხების ლარში გადატანა შეეძლებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, მათ შორის - ინდმეწარმეებს, რომლებსაც სასესხო დავალიანება აშშ დოლარში ჰქონდათ როგორც 2015 წლის 1-ლი იანვრის, ისე - 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით და მიმდინარე დავალიანება ექნებათ გალარების დღესაც.
სუბსიდიით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტი იყო 2015 ან 2016 წელს; აგრეთვე, ის ფიზიკური პირები, რომელთა სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება 100 ათას დოლარს აღემატებოდა 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით.
კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს არსებული საბაზრო პროცენტით გასცემენ (მაგალითად, ლარით გაცემული ცვლადპროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო განაკვეთი დღეს 10%-ის ფარგლებშია).
სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსისთვის 20 თეთრის გამოკლებით. ასეთი სესხის სუბსიდირება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში მოხდება.
ახალი წლიდან მოქმედებს მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი. საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, გადასახადისგანაც გათავისუფლდება.
2017 წლის 1-ლი იანვრიდან 100 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნული ვალუტით გაიცემა, 2018 წლიდან კი აღნიშნული ცვლილება 200 ათას ლარამდე სესხებსაც შეეხება.
წლეულს, 1-ლი ივლისიდან, ქონების გაყიდვისა და მისი რეკლამირებისას ფასის გამოქვეყნება მხოლოდ ლარით იქნება შესაძლებელი, თუმცა სხვა ვალუტით ფასის გამოცხადება არ აიკრძალება. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი ლარით უნდა გამოაცხადოს, სურვილის შემთხვევაში კი ფასს ნებისმიერი სხვა ვალუტითაც მიუთითებს.
წლეულს უნდა ამოქმედდეს რეგულაციები ონლაინსესხებზე და დაწესდეს ზღვრული მაჩვენებელი ჯარიმაზე, რომელიც შეიძლება მსესხებელს დაეკისროს.
დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი:
- ცვლილებების პირველადი შედეგები გაძვირებული საწვავი, თამბაქო და ალკოჰოლური სასმელია. ე.წ. გადაცემის ეფექტი, ანუ ფასის ზრდის ასახვა სხვა პროდუქტებსა და მომსახურებაზე, ჯერჯერობით სრულფასოვნად არ გამოხატულა. ეს იმიტომ, რომ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ძველი ტარიფები დარჩა და იმედია, არც მოსალოდნელ რთულ პერიოდში მოიმატებს.
ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ლარის გამყარება მოკლევადიანი აღმოჩნდებოდა და ის მოსალოდნელზე უფრო მოკლევადიანი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ამას ხელი შეუწყო 2016 წლის დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამ. ჩვენი გათვლებით, ის იყო 428 მილიონი ლარი (2015 წლის დეკემბერში - 327 მილიონი ლარი), რაც ნიშნავს, რომ ბოლო დღეების ლარის გაუფასურება გარდაუვალი იყო. ამას ემატება ფულადი აგრეგატების მკვეთრი ზრდაც. მაგალითად, ფულის მასის ორმა პარამეტრმა 6,6 მილიარდს გადააჭარბა და დაახლოებით 400 მილიონი ლარით არის გაზრდილი. საბედნიეროდ, რეფინანსირების სესხი შემცირდა 1,355-დან 1,312 მილიარდამდე. მაგრამ აქ 17 იანვრიდან უკვე გალარების პროგრამა ერთვება - საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) კომერციულ ბანკებს მიაწვდის როგორც უცხოურ ვალუტას გალარების პროცესისთვის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ლარის ლიკვიდობასაც უზრუნველყოფს. ამ მხრივ უკვე სხვა განზომილებაში გადავდივართ და სანამ პროცესი არ დაწყებულა, ლარის კურსის პროგნოზის აზრს ვერ ვხედავ. მხოლოდ პოსტფაქტუმ შევძლებთ შეფასებას, რაც აპრილ-მაისისთვის მოხდება.
საუბარია 400-500 მილიონი დოლარის სესხის ლარში გადაყვანაზე. კომერციულ ბანკებს პრობლემა რომ არ შეექმნათ, სებ-ი მათ დოლარის მასას მიაწვდის. 2,8 მილიარდი დოლარის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებიდან 1,3 მილიარდი არის კომერციული ბანკების რესურსი, მოზიდული სავალდებულო რეზერვების სახით. სწორედ ამ თანხის ნაწილი დაბრუნდება კომერციულ ბანკებში, რათა შეძლონ უცხოურ ვალუტაში თავიანთი ვალდებულებების გადახდა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ წლეულს სამ მილიარდზე მეტი საგარეო ვალი გვაქვს დასაფარავი სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო ამბობს, რომ გალარების პროგრამისთვის საჭირო ლარის მიწოდებასაც უზრუნველყოფს და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მიმოქცევაში ლარის მასასაც გაზრდის. დამატებით შემოდის რეფინანსირების ახალი ინსტრუმენტიც, ერთთვიანი და არა - შვიდდღიანი, რაც მიმოქცევაში ასევე გაზრდის ლარის მასას.
"ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობლემა აქვს"(?!)
- რა თქმა უნდა, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ კარგი იქნებოდა სებ-ის და მთავრობის მხრიდან გამჟღავნება, მეტწილად რომელ კომერციულ ბანკზე გაიცემა რეფინანსირების სესხი. ეჭვი მაქვს, ერთ-ერთ ბანკს რთული ფინანსური პრობლემები აქვს და საკითხავია, ამის დამალვა რა საჭიროა? ვაკვირდები, რომ რეფინანსირების სესხით მოქმედი ბანკების უმეტესობა არ სარგებლობს, სარგებლობს მხოლოდ ორი-სამი მსხვილი კომერციული ინსტიტუტი და ის ბანკიც სწორედ ერთ-ერთია მათ შორის. მართალია, ლარში მოგება ბანკებს კურსის გამო გაზრდილი აქვთ, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, დოლარში აქვთ შემცირებული. რაც ხდება, ერთი კონკრეტული კომერციული ინსტიტუტის ბრალია. ეყოთ ვაჟკაცობა, უკრაინის მაგალითი გაიხსენონ "პრივატბანკთან" დაკავშირებით და დაუფარავად თქვან, რაც ხდება. ისიც საკმარისია, რომ სამი წელიწადი მთელი ქვეყანა ერთი კონკრეტული პრობლემური ორგანიზაციის ვალების მომსახურებას მოვუნდით.
გალარების პროგრამით მთავრობა და სებ-ი ცდილობენ, შემცირდეს დამოკიდებულება უცხოური ვალუტის კურსზე და საკუთარი, დამოუკიდებელი ვალუტის ყველა ნიშან-თვისება ავამოქმედოთ. ამ მხრივ გალარება ერთ-ერთი ნაბიჯია. სამწუხაროა, რომ არ იდგმება სხვა ნაბიჯები.
კომერციული ბანკების მარწუხებიდან საფონდო ბაზრის გამოხსნა მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემდა, ქართული კომპანიები დაეფინანსებინა ლარში, სესხით Yთუ აქციების შეძენით. გაცვლითი კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გათვალისწინება კარგი ნაბიჯია, თუმცა ეს არ შველის "ბლუმბერგის" სისტემის იმ ნაკლს, რომ რეალური ვაჭრობა არ იმართება. ხდება მხოლოდ გარიგებები ფიქსაციის საშუალებით და მანქანა თვითონ ბეჭდავს ჩვენთვის მოსალოდნელ ხვალინდელ კურსს, ეს კი გამორიცხავს რეალურ საბირჟო ვაჭრობას, ზედა და ქვედა ზღვარს ვალუტის გამყარების ან ვარდნის შემთხვევაში, რაც არაადეკვატურია. მიმაჩნია, რომ საქართველოში ამ სისტემით ლარის კურსის დადგენა ნაადრევი იყო.
ეტაპი, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ, სხვადასხვა დროს გაიარეს ჩეხეთმა, პოლონეთმა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა. სადღაც გაამართლა ამ პოლიტიკამ, სადღაც - არა. დღეს საუბარია, რომ ლარით მოხდეს ქონების ფასდადება, მაგრამ არ ამბობენ, რომ მაინცდამაინც ლარითვე უნდა გაიყიდოს. ამას ხელი უნდა შეუწყოს ლარის საკმარისმა მასამ, ანუ ლარით სესხების გაცემამ. მოგეხსენებათ, საუბარია 100 ათას ლარამდე (შემდეგ კი 200 ათასამდეც) სესხების ლარით გაცემაზე. მაგრამ თუ სებ-მა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ანუ ლარით სესხების პროცენტი გაძვირდა, მაშინ ამ ყველაფერს აზრი არ ექნება. გამოდის, რომ ადამიანს ეუბნები, აღარ გინდა 6%-იანი სესხი დოლარით, აიღე 10%, 12% და 14%-იანი სესხი ლარითო და უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აგდებ, ეს კი ლარიზაციით დაგეგმილის საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს.
შესაბამისად, ახლა ნდობის ფაქტორი ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული: მან მყარად უნდა დაიჭიროს რეფინანსირების სესხის განაკვეთი 6,5%-ზე და შემდგომში მის შემცირებასაც შეეცადოს, ხოლო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სხვა ინსტრუმენტებით განახორციელოს - მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ამოქმედებით, ინტერვენციების ზრდით და სხვ.
საბოლოოდ, კარგი იქნება, თუ დაანონსებული ცვლილებები სწორად წარიმართება, მაგრამ ძალიან მაწუხებს საგარეო ვალი, რაც განსაკუთრებით აზიანებს ლარის კურსს. ყოველ კვარტალში 800-900 მილიონ დოლარამდე ვალის გასტუმრება გვიწევს. ეს მძიმე მემკვიდრეობად ერგო ხელისუფლებას. ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში მას ჯამურად 2006, 2008 და 2009 წლებში აღებული ვალების გასტუმრება უწევს. ჯერჯერობით არ იზრდება სახელმწიფო ვალი, მაგრამ ჯერ მხოლოდ იანვარია და ძნელია თქმა, მოვლენები როგორ განვითარდება. ნავარაუდევია 600 მილიონი ლარის სესხად აღება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. ბიუჯეტი გათვლილია ლარი-დოლარის კურსზე - 2,50 ლარი. მაგრამ წლეულს ლარის კურსის მერყეობის დიაპაზონი ძაAლიან მაღალი იქნება, უფრო მაღალი, ვიდრე 2016 წელს იყო. ვფიქრობ, გასული წლისგან განსხვავებით, გაჭირდება საშუალო წლიური კურსის სასურველ დიაპაზონში შენარჩუნება, რადგან იანვარში ის უკვე გადასცდა 2,7-იან ნიშნულს.
ესტონური მოდელი ქართულ ორმოში
რაც შეეხება მოგების გადასახადის რეფორმას, ე.წ. ესტონურ მოდელს, საუბარია ბიზნესისთვის დაახლოებით 500 მილიონი ლარის დატოვებაზე იმ შემთხვევაში, თუ დივიდენდს შინ არ წაიღებს და საქმეში დააბრუნებს რეინვესტირების სახით. ეს გრძელვადიანი პროექტია და პირველ შედეგებს 2018 წლის აპრილისთვის უნდა ველოდოთ. ცხადია, ბიზნესისთვის ეს პოზიტიური გზავნილია, თუმცა ეს სხვა თემა იყო და რაც ახლა ხდება ლარიზაციის კუთხით, ამასთან დაკავშირებული არ არის. არც აქციზის გადასახადის ზრდასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რადგან თუ ვარქმევთ ესტონურ მოდელს, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ესტონეთს სახელმწიფო ვალი არ აქვს და რა შემოსავალიც აქვს, იმდენს ხარჯავს. როცა ესტონეთმა გადასახადის გადავადების შესახებ გამოაცხადა, იმავე მოცულობით ხარჯებიც შეამცირა. ჩვენც ასე უნდა მოვქცეულიყავით და რა ოდენობითაც ფულს ბიზნესს ვუტოვებთ, საბიუჯეტო ხარჯებიც იმავე ოდენობით უნდა შეგვემცირებინა. ჩვენ კი პირიქით - ხარჯები 1,6 მილიარდი ლარით გავზარდეთ და აქციზის გადასახადებით, რაც რიგით მომხმარებელს დააწვა მძიმე ტვირთად, გადავწყვიტეთ ამ თანხის უკან ამოღება.
ემა ტუხიაშვილი
წყარო „კვირის პალიტრა"