მთავრობის დღევანდელ შემადგენლობაში ორი ქალი მინისტრია - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონების მფლობელები არიან ქართველი ქალი მინისტრები.
როგორც წულუკიანის მიერ 2017 წლის 11 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისმა ხელფასმა დაბეგვრის გარეშე, იუსტიციის მინისტრის პოსტზე 75 000 ლარი შეადგინა. დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს მინისტრს პრემია არ მიუღია.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, 2013 წელს თეა წულუკიანმა 39 840 დოლარად შეიძინა 1 900 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში. მასვე ეკუთვნის ამავე მისამართზე არსებული 400 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი და 30 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხი. ასევე გასული წლის განმავლობაში წულუკიანმა 222 519 ევროდ გაყიდა კუთვნილი ბინა სტრასბურგში. თეა წულუკიანის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა mini Cooper.
დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრს „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე 101 502 ევრო და სახელფასო ანგარიშზე 1 428 ლარი აქვს. „კრედი ლიონეს“ მიმდინარე ანგარიშზე კი 0.67 ევრო ერიცხებოდა.
დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანს რამდენიმე სესხიც აქვს. „საქართველოს ბანკში“ სამომხმარებლო სესხი ჰქონდა 13 686 ლარის ოდენობით. ამავე ბანკში ჰქონდა იპოთეკური სესხი, რომლის შედეგადაც გასავალმა გასულ წელს 15 577 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მინისტრმა გასულ წელს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე 20 000 ლარი დახარჯა.
რაც შეეხება წულუკიანის მეუღლეს, ნუგზარ კაკულიას, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორია. კაკულია ახალქალაქში, სოფელ დილისკაში, 50 009 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც 2015 წელს შეიძინა. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Prius 2010, რომელიც 2016 წელს 6 500 დოლარად იყიდა. იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კაკულიას დაუბეგრავი ხელფასი 2016 წლის 1 იანვრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით 35 247 ლარი იყო.
რაც შეეხება ქეთევან ციხელაშვილს, მინისტრმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 იანვარს შეავსო. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მისმა შემოსავალმა გასული წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 31 250 ლარი შეადგინა. აგვისტომდე კი ციხელაშვილი მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რა პერიოდშიც - 1 იანვრიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, 40 300 ლარი მიიღო.
მინისტრმა 2015 წელს 130 000 დოლარად თბილისში, ოქროყანას დასახლებაში 188.90 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი შეიძინა, რომლის 50%-იან წილს მისი მეუღლე არმინ ჰუთენლოხერი ფლობს. ციხელაშვილს ეკუთვნის ასევე თბილისში, საირმის ქუჩაზე 35.68 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი.
მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Hyundai Tucson. დეკლარაციის შევსების მომენტში ციხელაშვილს „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 7656.18 ლარი და 5180.33 ევრო ჰქონდა. ანაბარზე - 103 ლარი, 3 796 დოლარი და 1020.72 ევრო; მიმდინარე ანგარიშზე - 1264.48 ევრო, 4098.33 ლარი, 38.25 დოლარი; საკრედიტოზე - 102.37 ლარი ერიცხებოდა. ხოლო ,,საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 500 ლარი ჰქონდა.
ციხელაშვილის მიერ იანვარი-აგვისტოში წყნეთში, ყოფილი სამთავრობო აგარაკის აუქციონის წესით ქირავნობის შედეგად გასავალმა 18 700 ლარი შეადგინა.
ციხელაშვილს ჰყავს მეუღლე - არმინ ჰუთენლოხერი და შვილები - თინა-მაია და სოფია-მალი ჰუთენლოხერ-ციხელაშვილები. მისი მეუღლე არმინ ჰუთენლოხერი ფლობს გერმანიაში 32 800 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და ამავე მისამართზე საცხოვრებელ სახლს. ასევე თბილისში, საირმის ქუჩაზე 35.68 კვადრატულ მეტრი ფართობის არასაცხავრობელ ფართს; ბერლინში მდებარე 200 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს; 86 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ბერლინში; ხორვატიაში 180 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს; გერმანიაში მდებარე 4 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთს.
მასვე ეკუთვნის OMNICOM Holding-ის 846 ფასიანი ქაღალდი, რომელშიც 28 000 დოლარი აქვს გადახდილი. დეკლარაციის შევსების მომენტში ციხელაშვილის მეუღლეს postbank nuernberg -ის მიმდინარე ანგარიშზე 7 500 ევრო ერიცხებოდა; Commerzbank Berlin/res public Affairs-ს ანაბარზე კი 155 000 ევრო ჰქონდა.
არმინ ჰუთენლოხერი ასევე ფლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე „ჰოლდინგ ომნიკომს“ და შპს კერძო კომპანია "რეს", რომლის საქმიანობითაც გასულ წელს შემოსავლის სახით 96 000 ევრო მიიღო.