ifact.ge : მაღალჩინოსნების სამედიცინო დახმარების ხარჯს ბიუჯეტი ანაზღაურებს

2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით უმაღლესი თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმიური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებისთვის 1.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact.ge აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პაკეტით ისარგებლეს როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათი ოჯახის წევრებმა. თუმცა, სამინისტროდან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვის სამედიცინო მომსახურებასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ანაზღაურებს, კონფიდენციალურია.

აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანების საშუალო თვიური შემოსავალი, რომლებიც ამ პროგრამიდან ფინანსდებიან 3 790 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 7 764 ლარს აღწევს.

აღნიშნული პროგრამა ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევისთვისაც ითვალისწინებს ფულის გამოყოფას. 2016 წელს ამისათვის 5 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, იგივე თანხაა გათვალისწინებული 2017 წლის ბიუჯეტშიც.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევისთვისაცაა გამოყოფილი (საქართველოს მოქალაქეების საშუალო თვიური ხელფასი 900.4 ლარია), თუმცა, წელს ამ პროგრამაში ცვლილებები შედის.

2017 წლის 1 მარტიდან საყოველთაო დაზღვევა მხოლოდ იმ ადამიანებს მოემსახურება, ვისაც ინდივიდუალური ან კორპორატიული დაზღვევა არ აქვს. მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილების მიხედვით, დაახლოებით 120 000-მდე ადამიანი, ვინც აქამდე მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობდა, ამიერიდან გაუმჯობესებულ სადაზღვეო პაკეტს მიიღებს. დაახლოებით 150 000 ადამიანი კი, ვინც “დაშენებული დაზღვევის” პაკეტით სარგებლობს (ანუ მისი კორპორატიული/ინდივიდუალური დაზღვევა ფარავდა იმ ხარჯებს, რასაც არ ფარავდა საყოველთაო დაზღვევა) ბაზისური სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩება.

მაგალითად, მათ სახელმწიფო აღარ აუნაზღაურებს ჰოსპიტალურ ან ონკოლოგიურ ხარჯებს. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ ბაზისური დაზღვევის ხარჯები კერძო პირებმა და კომპანიებმა თავად უნდა დაფარონ. სადაზღვევო კომპანიები ამბობენ, რომ ცვლილებები კერძო და კორპორატიულ დაზღვევას 5-10%-ით გააძვირებს. უფრო მეტიც, “სადაზღვევო ასოციაცია” სამინისტროს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ შეეხებათ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, ვინაიდან მათ სამედიცინო ხარჯებს სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურებს. ამ პროგრამის ბიუჯეტი კი უკვე გაწერილი და პარლამენტის მიერ დამტკიცებულია.

წყარო : ifact.ge