დონალდ ტრამპმა ჩინეთს ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთს მოუწოდა მკაცრი ზომები მიიღოს ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში მას შემდეგ, რაც ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ჩრდილოეთ კორეამ ახლახან გაუშვა მორიგი რაკეტა. ამ ბიჭს შეუძლია რამე უკეთესი გააკეთოს თავის ცხოვრებაში? არ შემიძლია დავიჯერო, რომ იაპონია და სამხრეთ კორეა ამას შეეგუებიან. შესაძლოა, ჩინეთმა გადადგას მკაცრი ნაბიჯი ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში და ამ აბსურდს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღოს!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანის იოსიხიდე სუგას განცხადებით, ადგილობრივი დროით 09:39 საათზე დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიიდან ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.