ახალი თანამშრომლების დაქირავების მცდელობას თან რიგი პრობლემები ახლავს.
ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის ანგარიშშია ნათქვამი.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ვაკანსიის შევსებისას ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებად დასახელდა: აპლიკანტების არაკვალიფიციურობა (36.5%), არასაკმარისი ანაზღაურება (23.6%) და გამოცდილების ნაკლებობა (22.1%). თუმცა, გამოკითხულ საწარმოთა 13.6%-ს აზრით, ასევე პრობლემურია თავად აპლიკანტების რაოდენობის ნაკლებობაც.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ძირითადი პრობლემა, რომელიც საწარმოებს ახალი კადრის აყვანისას ექმნებათ - იმ ტექნიკური უნარ-ჩვევების არცოდნაა, რომლებიც დაკავშირებულია დაწესებულებაში გამოყენებულ კონკრეტულ აღჭურვილობასთან ან პროცესებთან. კერძოდ, აღნიშნულ პრობლემაზე გამოკითხულ საწარმოთა და ბიზნესმენთა 30.5% საუბრობს.
შემდეგ მოდის, ჯგუფური მუშაობის უნარების ნაკლებობა, რომელსაც საწარმოთა 16% ასახელებს, 13.2% - ახალი ინფორმაციებისა და უნარების შეძენის ნიჭისა და გამოთვლის, 9.6% კი წაკითხვის, მონაცემებისა და ცხრილების გამოყენების უნარების ნაკლებობას ასახელებს.
„თბილისში ძირითად პრობლემებს წარმოადგენს გამოთვლის, წაკითხვის და მონაცემებისა და ცხრილების გამოყენებისა (85%) და ახალი ინფორმაციების/უნარების შეძენის (83%) ნაკლებობა, ხოლო სხვა დანარჩენ საქართველოში ყველაზე პრობლემურად დასახელდა გადაწყვეტილების მიღებისა (47%) და პრობლემის მოგვარების უნარების (41%) ნაკლებობა,“-აღნიშნულია ანგარიშში.