სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოსახლების ხარჯები და შემოსავლები გაიზარდა.„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ და მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოჯახის სარჩენად.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით კი, 2017 წელს ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიურმა სამომხმარებლო ფულადმა ხარჯმა - 210.5 ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულად ხარჯებში შედის - სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, განათლება, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, გათბობა, ელექტროენერგია, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენს ხარჯავს ადამიანი საშუალოდ თითოეულ მათგანზე, საქსტატის მონაცემებით, სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე 210.5 ლარიდან გათვალისწინებულია 75.3 ლარი, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 9.6 ლარი იხარჯება, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 9.1 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 28.4 ლარია გათვალისწინებული, ელექტროენერგიასა და გათბობაზე - 27.3 ლარი, ტრანსპორტზე - 23.2, განათლებაზე - 7.1 ლარი, სხვა სამომხმარებლო ხარჯებზე კი - 30.6 ლარია გათვლილი.
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით თუ გამოვიანგარიშებთ, გამოდის, რომ ერთსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 210.5 ლარი; ორსულიანი ოჯახის - 421 ლარი; სამსულიანი ოჯახის - 631.5 ლარი; ოთხსულიანი ოჯახის - 842 ლარი; ხუთსულიანი ოჯახის - 1 052.5 ლარი დაჯდება, ხოლო ექვს და მეტსულიანი ოჯახის სარჩენად 1 263 ლარი და უფრო მეტია საჭირო. შეგახსენებთ, რომ აქ შედის მხოლოდ სამომხმარებლო ფულადი ხარჯები, რომელშიც იგულისხმება საკვები, სასმელი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და ა.შ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით კი, ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიური სამომხმარებლო ფულადი ხარჯი - 737.2 ლარი იყო.
რაც შეეხება შემოსავლებს, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წელს საშუალო თვიური შემოსავალი ერთ ადამიანზე 317.2 ლარი, ფულადი შემოსავალი კი ერთ სულზე - 252.5 ლარი იყო. ცნობისთვის, ფულად შემოსავალში შედის - დაქირავებული შრომა, თვითდასაქმება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხა, პენსია, გზავნილი და ა.შ.
შესაბამისად, თუ ოჯახში საშუალო ფულადი შემოსავალი (პენსია, გზავნილი, თვითდასაქმება და ა.შ.) მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს, ოჯახის შემოსავალი საშუალოდ 252.5 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოჯახს მხოლოდ სამომხმარებლო ხარჯების დასაფარად თვეში საშუალოდ 737.2 ლარი სჭირდება.