დაბა სიონის ტურისტული განვითარება შეჩერდა?! - ზაქარია ქუცნაშვილის ბრალდებები თამაზ მეჭიაურს და მერის პასუხი დეპუტატს

თიანეთის, დაბა სიონის ტურისტულ მიმართულებით განვითარებასთან დაკავშირებით თიანეთის მერი და ოლქის მაჟორიტარი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.ზაქარია ქუცნაშვილი მერს უმოქმედობაში ადანაშაულებს, თამაზ მეჭიაური კი მაჟორიტარ დეპუტატს ბიუჯეტის „გამოცარიელებაში“ სდებს ბრალს. ამ დაპირისპირების ფონზე რეგიონის ეკონომიკურ-ტურისტული განვითარება დროში ჭიანურდება, მოსახლეობა კი მთავრობას უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ არჩევნებში ერთხმიანი უპირატესობით გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც ჩვენთან არ თანამშრომლობს, სიონის სასარგებლოდ ჩვენი შესაძლებლობები შეიზღუდა“,-ასე პასუხობს დაბა სიონის ტურისტულ განვითარებასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსის“ დასმულ კითხვას დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან”, ზაქარია ქუცნაშვილი. მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რეგიონის განვითრება შეჩერდა. თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური კი მაჟორიტარს ასევე „ბიზნესპრესნიუსის“ საშუალებით პასუხობს და ამბობს, რომ „დიახ შეჩერდა, მაგრამ არა თიანეთის და სიონის განვითარება, არამედ ქუცნაშვილის მიერ ბიუჯეტის ძარცვა“. ამასთან, აღნიშნავს, რომ იმ მცირე ბიუჯეტით, რომელიც ქუცნაშვილის საკრებულომ დაუმტკიცა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს მაინც ახორციელებს, მომავლში კი გაცილებით მეტია დაგეგმილი.

თიანეთის, კერძოდ დაბა სიონის განვითარებაზე ზაქარია ქუცნაშვილი უკვე წლებია საუბრობს. დღესაც დეპუტატი ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, გზის დაგება, ელექტროფიცირება და გაზიფიცირება მოესწრო, თუმცა, თამაზ მეჭიაურის პირობებში რეგიონში აღარაფერი გაკეთებულა.

„სიონი არის აღმოსავლეთ საქართველოს ტბებიდან და წყალსაცავებიდან ერთ-ერთ საუკეთესო. აქ თავს იყრის მტკნარი წყალი, რომელიც არის გამდინარე და არ ჭაობდება. სიონს ეს დიდი უპერატოსობა აქვს. თუმცა, მას ინფრასტრუქტრული დიდი ჩამორჩენა ჰქონდა. ჩვენ შევიმუშავეთ კომპლექსური ღონისძიებების ნუსხა. აქ პირველ რიგში შევიტანეთ ელექტროფიცირებისა და გზების საკითხის მოგვარება. როგორც იცით, სიონი დაკავშირებულია ერთის მხრივ, საგარეჯოს, ასევე მცხეთის და მესამე მიმართულებით თიანეთის მუნიციპალიტეტებთან. სამივე მიმართულებით გზა დანგრეული იყო. ჩვენ 2 წელში ეს პრობლემა დავძლიეთ. ყველა ოჯახის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოვახდინეთ და მთის კანონის შედეგად გავუნახევრეთ დენის ტარიფი. შარშან შევიყვანეთ ბუნებრივი აირიც. დღეს მდგომაროებით, გაზი ყველა ოჯახს აქვს“,- აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

მისი თქმით, გეგმაშია შიდა გზებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაც, თუმცა, ახალი მერის პირობებში, ეს საკითხიც გაურკვეველია.

„იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებში ერთხმიანი უპირატესობით გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც ჩვენთან არ თანამშრომლობს, სიონის სასარგებლოდ ჩვენი შესაძლებლობები შეიზღუდა.

ამიტომ, მე გამიჭირდება გითხრათ, რა სიკეთეს შეიძლება ელოდეს ადგილობრივი მოსახლეობა. განვითრებას სჭირდება ცოდნა, ცოდნას სჭირდება სიყვარული და მონდომება. სამწუხაროდ, მე ვერც ერთს ვერ ვხედავ“,-აცხადებს ქუცნაშვილი.

კითხვაზე - ამ ეტაპზე თიანეთის მუნიციპალიტეტის და კერძოდ დაბა სიონის განვითრება შეჩერებულია, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ ეს უნდა ვკითხოთ მეჭიაურს, რადგან მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გზების, მყარი ნარჩენების, გაზიფიცირებისა და ელექტროენერგიის პრობლემა მოაწესრიგა, მას არაფერი გაუკეთებია.

რაც შეეხება ტურიზმის, საკურორტო ზონებისა, სასტუმროების განვითარებას, ქუცნაშვილი ამბობს, რომ ეს უკვე კერძო სექტორის საზრუნავია.

„მას შემდეგ, რაც მოწესრიგდა რიგი პრობლემები, სიონს გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ გახდეს 4 სეზონის კურორტი. მანამდე ზამთრის პირობებში შეშის ღუმელებით ათბობდნენ სახლებსა და სტუმრის ოთახებს, ამიტომ თანამედროვე დამსვენებელი იქ არ გაჩერდებოდა. ახლა უკვე ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი სასტუმროები მოაწყონ. ბევრი ვიცი კიდეც, ვინც სახლი გადააკეთა ე.წ გესტ ჰაუსად და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მსგავსად, სიონელებმაც დაიწყეს თავისი საცხოვრისის გამოყენება სასტუმრო დანიშნულებით“,-აცხადებს ზაქარია ქუქნაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს თამაზ მეჭიაურსაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ იმ მცირე ბიუჯეტით, რაც გააჩნიათ პროექტების განხორციელება მაინც ხერხდება.

„ბატონ ზაქარიას სწორად უთქვამს, რომ შეჩერებულია, მაგრამ არა თიანეთის განვითარება, არამედ მის მიერ ბიუჯეტის ძარცვა. მისი ოჯახური ბიზნესის აღმშნებლობაც შეჩერებულია. თუ ამას გულისხმობდა, ნამდვილად ასეა. რაც შეეხება თიანეთის მუნიციპალიტეტის განვითრებას, ეს პროცესი მიმდინარეობს. საუბარია შიდა გზების გაყვანაზე, საბავშვო ბაღების, სკოლების მშენებლობაზე.

რაც შეეხება სიონის განაშენიანებას, რა თქმა უნდა, 7 თვეში ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, მაგრამ მაქსიმალურად იმ პირობებში, რა ბიუჯეტიც გაგვაჩნია, ვცდილობთ, რომ მოვასეწრიგოთ, სისუფთავე დავიცვათ, ხელი შევუწყოთ მცირე ბიზნესის განვითარებას. მაგალითად, პატარა კაფეების გახსნით რომ დაინტერესდნენ და ამით დამსვენებლების მომსახურება გაუმჯობესდეს. ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოა, მაგრამ ჩვენ იმ ბიუჯეტით ვმუშაობთ, რომელიც მათმა საკრებულომ დაგვიმტკიცა. იქიდან გამომდინარე, რომ ქუცნაშვილის მიერ ფული კარგად იყო გახარჯული, ახლა გაგვიჭირდა მნიშვნელოვანი ძვრების განხორციელება“,-აცხადებს მეჭიაური.

მისივე თქმით, იგეგმება კიდევ არაერთი პროექტი, რომელსაც ახალი ხელისუფლების დამტკიცების შემდეგ განახორციელებს.

„გზების მოასფალტება წელს დაიწყო და მომავლ წელს დასრულდება. ეს სწორედ ამისთვისაა, რომ ტურისტული მიმართულება განვითრდეს. ასევე ვიწყებთ სიონის მიმართულებით ორი გზის, მათ შორის ცენტრალურის მოასფალტებას. თუ ამინდებმა ხელი შეგვიწყო, შეიძლება წლის დასრულებამდეც მოვრჩეთ. ასევე აქტიურად მიმდინარეობს, ახმეტა-თიანეთის გზის მოასფალტებაც. პირდაპირ კახეთთან დაკავშირებს სამხედრო გზა ჟინვალს, რაც ტურისტების ნაკადს კიდევ უფრო გაზრდის. ასევე ჩრდილოეთ მიმართულებით 3 სერიოზული პროექტი მზადდება, რომლის მიხედვითაც მოასფალტდება ლაშარის, ჯიჯეთისა და ახალსოფლის მიმართულება. ეს არის მცირე ჩამონათვალი.

რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური განვითრების გეგმას, მზადდება სერიოზული დოკუმენტი, ველოდებით მთავრობის დამტკიცებას, რის შემდეგაც ეს დოკუმენტიც დამტკიცდება. ამის მერე კიდევ უფრო დაჩქარდება პროცესები“,- აცხადებს თამაზ მეჭიაური.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თიანეთში რაღაც ნამდვილად კეთდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია, რომ მთავრობამ რეგიონის განვითარების მიმართულებით უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას. „აუცილებელია, პასუხისმგებელმა პირებმა რეგიონის მოსახლეობის ინტერესი გაითვალისწინონ. 2 პიროვნების დაპირისპირება ჩვენზე რატომ უნდა აისახოს?“, - ამბობენ თიანეთელები.

ნინი ქეთელაური