2019 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი სუბიექტებისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის დებულების თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტებს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე სესხის გაცემა ეკრძალებათ. სებ-ის მიერ დამტკიცებულ დებულებაში ისიც განმარტებულია თუ რას გულისხმობს გადახდისუუნარობის ანალიზი.
კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გადახდისუუნარობის ანალიზი მოიცავს: პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზსა და სესხის საჭიროების შემოწმებას; გონივრულობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას; ბიუროში საკრედიტო ისტორიის გადამოწმებას; ყველა იმ დამატებითი ფაქტორის გათვალისწინებას, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვალდებულებების მომსახურებაზე; მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მსესხებლის მიერ მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების გარეშე სესხის მომსახურების შესაძლებლობის განსაზღვრას. ამასთან, როგორც დებულებაშია აღნიშნული, სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ სესხის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფაქტს არ უნდა ეფუძნებოდეს, რომ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის ღირებულება სესხის მოცულობას აღემატება. შეგახსენებთ, რომ ამ დებულებით დგინდება ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა. ამასთან, განისაზღვრა სესხის მომსახურების კოეფიციენტებიც.
კერძოდ, 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35% უნდა იყოს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 1 000 ლარი, ყოველთვიური დასაფარი თანხა 350 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2 000 ლარამდე შემოსავალზე 45% უნდა იყოს; 2 000-4 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში - 55%; 4 000 და უფრო მაღალი შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 60%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება არაჰეჯირებულ მსესხებლებს, ამ შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი შედარებით დაბალია. დოკუმენტის მიხედვით, 1000 ლარის ან უფრო ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 25%-ით განისაზღვრა, 1 000-4 000 ლარის შემთხვევაში - 30%-ით, 4 000 ლარის ან უფრო მეტის შემთხვევაში - 35%-ით. ცნობისათვის, ჰეჯირებულია მსესხებელი, თუ შემოსავალი აქვს ლარში და სესხსაც ლარში იღებს, არაჰეჯირებული კი, როდესაც შემოსავალი აქვს ლარში, სესხს კი უცხოურ ვალუტაში იღებს. აღსანიშნავია, რომ ჰეჯირებული მსესხებლებისთვის განსაზღვრული კოეფიციენტები იმ მსესხებლებზეც ვრცელდება, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო სესხს ლარში იღებენ.