მთავრობა გრიგოლეთში, ურეკსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარებას ხელს შეუწყობს.
აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის განხილვაც საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
კერძოდ, პროექტი გულისხმობს ამ ტერიტორიებზე სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრას, ამასთან, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებას ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის შემთხვევაში, ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღება დაბა გრიგოლეთში, დაბა ურეკსა და ქალაქ ფოთში აზარტული თამაშების ბაზრის სიმწირის გამოსწორებას ისახავს მიზნად.
„კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი მხრივ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორიაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ტერიტორიასა და ფოთში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრას, ხოლო მეორე მხრივ, დაბა გრიგოლეთში, დაბა ურეკსა და ფოთში სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებას ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის შემთხვევაში, ახლად აშენებული სასტუმროების ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.
ამასთან „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის შემცირებით/გათავისუფლებით მოგვარდება დასახელებულ ლოკაციებზე ადგილობრივი დასაქმების პრობლემა. გარდა ამისა, კანონპროექტი მიზნად ისახავს სასტუმრო ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისების (ისეთები როგორიც არის სამორინე) განვითარების ხელშეწყობას აღნიშნულ ტერიტორიებზე, როგორც ახალ აშენებული სასტუმროს, ასევე უკვე არსებული სასტუმროს გაფართოება/გადაიარაღების შემთხვევაში.
კანონპროექტის მიღება აუცილებელია აღნიშნულ რეგიონებში ტურისტული პოტენციალის გაზრდის, ამ გზით საერთაშორისო ვალუტის შემოდინებისა და შესაბამისად ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესის შენელებისათვისც,“- აღნიშნულია კანონპროექტში.
როგორც ცნობილია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა დადგენილია საქართველოს კანონით. სანებართვო მოსაკრებელის მოცულობა ასე გამოიყურება: სათამაშო აპარატზე 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე; სამორინეს მაგიდაზე მოსაკრებელი 5 000 000 ლარამდეა; აზარტული კლუბის მაგიდაზე 10 000 ლარიდან 50 000 ლარამდე; ტოტალიზატორზე - 30 000-დან 300 000 ლარამდე. რაც შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე მოსაკრებელს, მისი მოცულობა 250 000-დან 300 000 ლარამდეა.
შეგახსენებთ, რომ აზარტულ თამაშებზე მოთხოვნის შესამცირებლად, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 6 წლის წინ გადაწყვიტა, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეეტანა და რეგულირება გაემკაცრებინა, შესაბამისი ცვლილებათა პაკეტიც მომზადდა, თუმცა, ამ დრომდე კანონპროექტი „დროშია გაჭედილი“ და უცნობია, როდის დაამტკიცებს მას პარლამენტი. შესაბამისად, როდის შეიტანს პარლამენტი კანონში ცვლილებას, დღესაც უცნობია.
ცნობისთვის, აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია ქვეყანაში. მართალია, 2018 წლის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, 2017 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ბიუჯეტში 332 მილიონი ლარი გადაიხადა. სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებელს „კატასტროფულს“ უწოდებს ექსპერტთა ნაწილი და აცხადებენ, რომ ეს ბიზნესი მოსახლეობისთვის სახიფათო, ქვეყნის ეკონომიკისთვის კი ზიანის მომტანია.