„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა 6 წელიწადზე მეტია „დროში გაიჭედა“. ამ დროს კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება.
კერძოდ, ბოლო 11 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 187-ჯერ არის გაზრდილი. მათ შორის, 2016 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა დაახლოებით 4 მილიარდი იყო, ხოლო 1 წელიწადში მილიარდნახევრიანი ნახტომი გააკეთა და 2017 წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ 5,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორია აზარტული თამაშებით დაკავებულ საწარმოთა შემოსავლები, მოგება და მოქალაქეებისგან მიღებული თანხები.
საინტერესოა, რომ ბრუნვის მოცულობის მიხედვით ყველაზე მსხვილი 50 კომპანიის ჩამონათვალში მყოფი 8 აზარტული კომპანიიდან ფინანსური ანგარიშგება ხუთს აქვს გამოქვეყნებული. მათგან ორის - შპს „ს გემბლინგ ჰოლისა“ (აჭარაბეთი) და შპს „დეიდრიმ უნივერსალ საქართველოს“ (ბეთლაივი) შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა.
რაც შეეხება დანარჩენ სამ კომპანიას, ესენია - შპს „ქართული კაზინოს ჯგუფი“ (შანგრი ლა), შპს „ავიატორი“ (აჭარაბეთი) და შპს „მარსი“ ( კრისტალბეთი).
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, სამივე კომპანია მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება - 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი - 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე არის.
ცალკეული კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები რომ ვნახოთ, 2017 წელს „შანგრი ლას“ წმინდა მოგებამ - 6,995,662 ლარი; საერთო მოგება - 34,398,604; შემოსავალი რეალიზაციიდან - 48,400,043; თვითღირებულების ხარჯები - 14,001,439 ლარი იყო. მოგების გადასახადი 2017 წელს კომპანიას არ აქვს გადახდილი. რაც შეეხება აქტივებს, 2017 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის საკუთრებაში - 13,183,779 ლარის აქტივები იყო.
ანგარიშგებაში მოცემულია შემოსავლების ჩაშლილი მონაცემებიც. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, 2017 წელს კომპანიის შემოსავალი სლოტებიდან - 11,762,773 ლარი; შემოსავალი კაზინოს მომსახურებიდან - 35,442,683 ლარი იყო. სანებართვო მოსაკრებლების ხარჯებმა კი 10,883,670 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, შპს ქართული კაზინოს ჯგუფი (შანგრი ლა) დაფუძნებულია 2009 წლის 7 აგვისტოს. საანგარიშო პერიოდში კომპანიის 75%-იან წილს Storm Brain International B.V. ხოლო 25%-იან წილს - გოჩა მურუსიძე ფლობდა. სამორინე „შანგრი ლა“-ს მართავს ოცდახუთწლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო კომპანია „შტორმ ინტერნეიშნლ“. სამორინე „შანგრი ლა“ მოქმედებს როგორც სამაგიდო თამაშები (პოკერის ოთხი სახეობა, რულეტი, ბლექჯეკი, პუნტო-ბანკო), ასევე სათამაშო აპარატები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანგარიშგება ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორს შპს „მარსსაც“ აქვს გამოქვეყნებული. მისი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2017 წელს კომპანიის 2017 წლის მოგება და მთლიანი სრული შემოსავალი - 34,060,000 ლარს; მოგება დაბეგვრამდე - 35,735,000 ლარს; შემოსავალი - 102,742,000 ლარს შეადგენდა. მოგების გადასახადის სახით კი კომპანიას - 1,675,000 ლარი აქვს გადახდილი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში მის საკუთრებაში იყო - 24,530,000 ლარის აქტივები. რაც შეეხება ტოტალიზატორის მოსაკრებლის გადასახადს - 26,693,000 ლარს შეადგენდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს შპს „მარსის“ წმინდა ონლაინ შემოსავალი - 102,742,000 ლარი; შემოსავალი კაზინოს ონლაინ თამაშებიდან - 48,139,000; შემოსავალი ონლაინ ტოტალიზატორიდან - 46,139,000 ლარი; შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან კი - 5,437,000 ლარი იყო.
ცნობისთვის, შპს „მარსი“ 2015 წლის 5 მაისს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მულტიბრენდული ინტერნეტ პლატფორმის www.crystalbet.com საქმიანობის წარმართვა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ ტოტალიზატორს, ონლაინ კაზინოს, ონლაინ peer-to-peer და სხვა ონლაინ თამაშებს. კომპანია საკუთარ საქმიანობას წარმართავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 33 სალაროს, ქვიტირში არსებული სამორინეს, ბორჯომში არსებული ტოტალიზატორისა და ხაშურში არსებული სლოტ კლუბის საშუალებით. კომპანიის დამფუძნებლები არიან: ლევან ახვლედიანი -60%; კნიაზ დასენი - 25% და გიორგი ჩხეიძე - 15%.
რაც შეეხება შპს „ავიატორს“, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2017 წელს კომპანიის მოგება - 131,988,000 ლარი; გაყიდვების თვითღირებულება - 37,448,000 ლარი; ბრუტო, ანუ მთლიანი შემოსავალი ხარჯების გამოკლებით კი - 94,540,000 ლარი იყო. 2017 წლის მოგება და მთლიანი სრული შემოსავალი - 52,854,000 ლარს შეადგენდა, ხოლო მოგების გადასახადი კომპანიას საანგარიშო პერიოდში არ გადაუხდია. რაც შეეხება აქტივებს, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია - 18,198,000 ლარის აქტივებს ფლობდა.
ამასთან, როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2017 წელს შპს „ავიატორის“ წმინდა შემოსავალი კაზინოს ინტერნეტ თამაშებიდან - 106,494,000 ლარი; წმინდა შემოსავალი peer-to-peer თამაშებიდან - 17,644,000; წმინდა შემოსავალი სამორინედან - 4,988,000; ზოგადი წმინდა შემოსავალი ონლაინ თამაშებიდან კი - 2,862,000 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ წმინდა შემოსავალი ონლაინ თამაშებიდან წარმოდგენილია კლიენტებისთვის განკუთვნილი წამახალისებელი აქციების („ფრიროლი“, „ფრისპინი“ და ა.შ.) და ბონუსების გამოკლებით.
ცნობისთვის, შპს „ავიატორი“ 2014 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ონლაინ თამაშები. კომპანიის მიერ შეთავაზებული ორი ძირითადი პროდუქტი არის: ონლაინ კაზინო და peer-to-peer თამაშები. კომპანია საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ თამაშების პლატფორმას ინტერნეტ ვებგვერდის - www.adjarabet.com-ის მეშვეობით. კომპანია საკუთარ საქმიანობას წარმართავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 13 სალაროს და დაბა სტეფანწმინდაში არსებული სამორინეს საშუალებით. კომპანიას მთლიანად ფლობს შპს „სითი ლოფტი“ (მშობელი კომპანია). კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა ბატონი თეიმურაზ უგულავა, რომელიც ფლობს მშობელი კომპანიის წილის 100%-ს. კომპანია წარმოადგენს Skygulf Limited-ის მშობელ კომპანიას, რომლის ოპერაციებიც არაარსებითია.