კახეთის გზატკეცილზე, ფეხსაცმლის ქარხანა „ისნის“ მიმდებარედ შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ Mcdonald’s-ის რიგით მე-16 რესტორანს ააშენებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორია კომპანიის შემოსავლები და მოგება.
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.
რაც შეეხება „თ და კ რესტორნების“ ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორც კომპანიის ანგარიშგებიდან ირკვევა, მისი შემოსავალი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გაიზარდა.
კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, შპს „თ და კ რესტორნების“ მთლიანი სრული შემოსავალი 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 30,340,367 ლარი; შემოსავალი - 63,685,685 ლარი; პირდაპირი ხარჯები კი - 49,823,292 იყო. ცნობისთვის, მთლიანი სრული შემოსავალი არის შემოსავალსა და ხარჯებს შორის არითმეტიკული სხვაობა.
რაც შეეხება მოგებას, 2017 წელს კომპანიის წლიური წმინდა ზარალი/(მოგება) - 1,628,258 ლარი, საერთო მოგება - 13,862,393 ლარი იყო; მოგების გადასახადის ხარჯმა კი - 247,678 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „თ და კ რესტორნების“ საკუთრებაში 92,577,019 ლარის აქტივები იყო.
ამასთან, როგორც კომპანიის ანგარიშგებაშია ასახული, 2017 წლის მონაცემებით, მომხმარებლებისგან მიღებული ფულადი სახსრები - 76,782,687 ლარს, მომწოდებლებზე და თანამშრომლებზე გადახდილი თანხები კი 65,218,512 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, კომპანია „თ და კ რესტორნები“ დაარსდა 1997 წლის 16 დეკემბერს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანია საქმიანობს მაკდონალდსის სწრაფი კვების ობიექტების ქსელით და წარმოადგენს მაკდონალდის კორპორაციის ფრანჩაიზს. 2017 წლის 31 დეკემბერს კომპანია წარდგენილი იყო თერთმეტი რესტორნით საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ზუგდიდი. 2017 წელს კომპანიამ გახსნა თბილისში და ქუთაისში ორი რესტორანი.
რაც შეეხება მფლობელებს, რეესტრის 14 მარტის ამონაწერით, კომპანიის 90% თემურ ჭყონიას ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს კომპანიის პრეზიდენტია, 10%-იან წილს კი თენგიზ კაპანაძე ფლობს, რომელიც ამავე დროს გენერალური დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.