საქართველოში ზოგიერთ პარფიუმერულ პროდუქციაში აღმოჩნდა, ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და სხვა დაავადებებს იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ცენტრმა 9 სექტემბერს გამოაქვეყნა პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. მაშინ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გააგზავნეს საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). შემოწმების შედეგად კი 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.
კერძოდ, იმ პროდუქციის ჩამონათვალში, რომლებშიც მავნე ნივთიერება აღმოაჩნდა, მოხვდნენ:
ახლა კი ცენტრის ცნობით, წინა კვლების ფარგლებში შემოწმებული 35 პროდუქტი და ასევე 5 თმის საღებავი კიდევ ერთი ნივთიერების - ფორმალდეჰიდის შემცველობაზე შემოწმდა. ცენტრის ცნობით, ფორმალდეჰიდი ყველა შემოწმებულ ნიმუშში აღმოჩნდა.
„ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.
საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა დამტკიცებული და არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ამ აქტის მიხედვით, ფორმალდეჰიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პროდუქტებში არ უნდა აჭარბებდეს 0,2%-ს, ხოლო პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში 0,1%-ს. აეროზოლებში კი ფორმალდეჰიდის შემცველობა საერთოდ აკრძალულია.
ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. არც საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა.
ამავე დროს, როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქტის 0,05%-ს აღემატება, აუცილებელია პროდუქტზე შესაბამისი გაფრთხილება იყოს მითითებული, რათა მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა.
ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო ფორმალდეჰიდის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნაწარმში. ფორმალდეჰიდის ოდენობას რაც შეეხება, ჩვენ მიერ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში იგი 0,05%-ს არ აღემატებოდა.
ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მისი შემცველობის თავიდან აცილება სამომხმარებლო პროდუქციაში. ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.
მოცემული კვლევა იმის მორიგ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ აუცილებელია ქვეყანაში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც უსაფრთხოების კონტროლს მიღმა არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უმეტესი ნაწილის სახელმწიფო კონტროლის დანერგვა,“-აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
იხილეთ, ფორმალდეჰიდის შემცველობაზე შემოწმებული პროდუქციის ჩამონათვალი: