რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი წინასწარ იურისტებმა გაიარეს და შესაბამისად იყო გაკეთებული წარდგინება, - ასე ეხმიანება დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარის პოზიციაზე მისი კანდიდატურის კენჭისყრის გადადებას.
ამასთან, დავით ნარმანია არ ფიქრობს რომ შექმნილი ვითარება კომიკურია და კანონის ხარვეზზე საუბრობს.
" თუ თვლიან, რომ გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი და ვაკუუმია, ბუნებრივია, ის უნდა გასწორდეს. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს მარეგულირებელს, ამიტომ ეს უნდა გასწორდეს, რომ შემდგომშიც მსგავსი რამ იყოს უფრო მკაფიო ჩანაწერის სახით. პარლამენტი ირჩევს წევრებს. თავმჯდომარეს, რომელსაც უფრო მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, ასევე უნდა ირჩევდეს პარლამენტი," - განაცხადა დავით ნარმანიამ.
პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა გადადო. კენჭისყრის გადადების მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე ნარმანიას ნომინირების პროცედურა გახდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ სემეკ-ის წევრების წარდგენის უფლება აქვს.
„თუ პარლამენტი ამ დადგენილებას უყრის კენჭს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა, პრეზიდენტს დავით ნარმანიას თავმჯდომარედ წარდგენის უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად პარლამენტს უფლება არ აქვს კენჭი უყაროს,” - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
აღნიშნული განცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, შემდეგ კი კენჭისყრის გადადების შესახებ გააკეთა განცხადება.
„ვინაიდან ნომინირების პროცედურამ იურიდიული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მე გთავაზობთ, რომ ავიღოთ დამატებითი დრო კონსულტაციისთვის და გადავდოთ ეს საკითხი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.