2019 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული თითქმის 100%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ამ დანაშაულის 1 223 შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც 610 ფაქტით, ანუ 99.51%-ით მეტია 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ არის გახშირებული კიბერთაღლითობის გზით საბანკო ბარათებიდან თანხის ჩამოჭრის შემთხვევები, რაზეც მოქალაქეები სოციალურ ქსელშიც წერენ.
„ვიღაცამ ანგარიშიდან „კრისტალ ბეთზე“ გადაირიცხა თანხა, ბანკში გვეუბნებიან, რომ ვერ გვეტყვიან იუზერს და პოლიციაში განაცხადეთო. ეს რა მიდგომაა? ან სმს დასტურის გარეშე რატომ ხდება თანხის გადარიცხვა?“
„პარასკევს მომიტანა კურიერმა ბანკიდან ახალი ბარათი, რომელიც კვირას გამოვიყენე მხოლოდ ბანკომატიდან თანხის გამოსატანად, რის შემდეგაც მალევე მოხდა თანხის სხვადასხვა ოდენობით გადარიცხვა „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ვერც ბარათის დაზღვევა მოვასწარი და არც ბანკში მიპასუხეს დროულად, რომ ანგარიში დამებლოკა. შესაბამისად, ჯამში, 150 ლარის გადარიცხვა მოხდა,“-აცხადებს რამდენიმე დაზარალებული.
„ბიზნესპრესნიუსი“ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი და საბანკო ბარათები ამ ტიპის თაღლითობისგან, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორსა და ექსპერტს კიბერუსაფრთხოების საკითხებში ლაშა პატარაიას ესაუბრა:
- პლასტიკური ბარათი არ მისცეთ არავის ხელში, არ გაატანოთ, რადგან ბევრი შემთხვევაა, როცა თანამშრომლები ბარათებს გარკვეულ წერტილებში ამუშავებენ, ინახავენ მონაცემებს და შესაძლოა, შემდეგ გამოიყენონ;
- გადაამოწმეთ ვებ-გვერდები, რომელზეც შედიხართ, რადგან ხშირად ჰაკერები ყალბ ვებ-გვერდებს ქმნიან, რომელიც რეალური ინტერნეტ ბანკის გვერდს გავს; ნუ შეინახავთ და ნუ დაამახსოვრებთ ავტორიზაციის საშუალებებს მონაცემებს თქვენს ბრაუზერში;
- როდესაც ბანკიდან ბარათს აიღებთ, მას აქვს უკან სამნიშნა კოდი, რომელიც გამოიყენება ძირითადად ტრანზაქციების დროს. ეს კოდი დაიმახსოვრეთ და ბარათზე მარკერით ან სხვა საშუალებით წაშალეთ, ისე რომ ხილვადი არ იყოს;
- არეფაიდი (rfid) ტექნოლოგიის საფულე, რომელიც პლასტიკურ, ასევე აიდი ბარათს იცავს გარე სკანირებისგან, რადგან მაგალითად, მოსკოვში ძალიან გავრცელებულია შემთხვევები, როცა ტერმინალებით დადიან, ადებენ ჩანთაზე და ასე ხნიან თანხას ბარათებიდან;დაზღვევა რაღაც მომენტში არის მექანიზმი და თუ დიდ თანხას ინახავთ პლასტიკურ ბარათზე, რეკომენდაციაა, რომ ბარათი დაზღვეული გქონდეთ;
- თუმცა ეს მაინც არ არის საბოლოო გამოსავალი, რადგან კიბერდანაშაულის გამოვლენას, დამტკიცებას და ა.შ. დიდი დრო სჭირდება;
- კიდევ ერთი დაზღვევის მექამინიზმი არის საკუთარი ბარათების გამიჯვნა. გქონდეთ მიმდინარე ლარის ან დოლარის ანგარიში, და ასევე გქონდეთ ბარათი, რომელსაც გამოიყენებთ სხვადასხვა ტრანზაქციის დროს. ხოლო ტრანზაქციამდე ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხეთ თანხა.