საქართველოში შესაძლოა, მიკროავტობუსების წარმოება დაიწყონ.
ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გაავრცელა.
მისივე თქმით, თბილისში მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსები ჩანაცვლდება, რასთან დაკავშირებითაც კომპანიასთან „თბილისის მიკროავტობუსი“ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია. კალაძის თქმით, კომპანია წინააღმდეგი არ არის და რამდენიმე შესაძლო ვარიანტიც განიხილება.
„არის რამდენიმე შეთავაზება. კერძოდ, 1-ლი - კომპანიის მხრიდან „ფორდის“ ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა და მე-2 - საქართველოში წარმოების დაწყება. მიკროავტობუსები, რომლის ანალოგის წარმოება იგეგმება ქვეყანაში, არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული, 17 ადგილიანი (დასაჯდომი), აღჭურვილია კონდიცირების სისტემით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოებულ მიკროავტობუსს „ელვა“ ერქმევა და პროექტის განსახორციელებლად 30 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება.
ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო პროექტია, თუმცა, კარგი იქნება რომ წინადადებას დაველოდოთ „ფორდისგანაც“ და რომელიც საუკეთესო ვარიანტი იქნება, ისე მივიღოთ გადაწყვეტილება,“-აღნიშნა კალაძემ.