რუსული ავიაკომპანიები მთავრობას სთხოვენ აუნაზღაურონ ზარალი, რომელიც საქართველოს მიმართულებით ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილების შედეგად მიადგათ. ინფორმაციას „მოსკოვ თაიმსი“ ავრცელებს.
რამდენიმე ავიაკომპანიამ მთავრობას წერილი გაუგზავნა, სადაც აცხადებენ, რომ ზარალმა 1.3 მილიარდ რუბლს (20 მილიონი აშშ დოლარი) მიაღწია.
რუსეთის სიდიდით მეორე ავიაკომპანია S-7 აცხადებს, რომ აკრძალვით 600 მილიონი რუბლი იზარალა, ხოლო „პობედა ეარლაინსის“ ცნობით, მისმა ზარალმა 500 მილიონი რუბლი შეადგინა.
„დარწმუნებული ვარ, მთავრობის შესაბამისი უწყებები აღნიშნულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს გამართავენ“, -განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები 8 ივლისიდან აკრძალული აქვთ.