ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა 6-7%-ით შემცირდა. რეკორდულად გაუფასურებულმა ლარმა და ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა მოსახლეობას გადახდსუნარიანობას დიდი პრობლემები შეუქმნა. სექტემბერში ინფლაცია დაგეგმილზე მეტად გაიზარდა და 6.4%-ს მიაღწია. სპეციალისტები კი უფრო საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსმა წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, ორნიშნა რიცხვსაც მიაღწიოს.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობა რომ არასახარბიელოა, ეს ფაქტია. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დღითი დღე მცირდება და მათი განკარგვადი შემოსავალი სულ უფრო ნაკლებია. ამის პარალელურად, თუკი ინფლაციის მაჩვენებელსაც გავითვალისწინებთ, რომელიც წინა თვეში ნახტომისებურად გაიზარდა, ვითარება უფრო დრამატული ხდება.
მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლის დიდი ნაწილი გაძვირებულმა ფასებმა, სასესხო ვალდებულებებმა და მათ შორის, აზარტულმა თამაშებმაც შეამცირა.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე "რეზონანსთან" საგანგაშო მაჩვენებლებზე მიანიშნებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და განკარგვადი შემოსავალი საკმაოდ დაბალია. ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე სტატისტიკაშია ასახული.
"სამომხმარებლო ფასების ინდექსი რაც უფრო იზრდება, მით უფრო მცირდება ფულის ერთეულის მსყიდველუნარიანობა. მაგალითად, თუ ფასები გაიზარდა 10%-ით, ეს ნიშნავს, რომ მსყიდველუნარიანობას დაახლოებით 91%-ს მივიღებთ. შესაბამისად, მსყიდველუნარიანობა დაახლოებით 9%-ით იქნება შემცირებული.
ჩვენი ღირებულებების გათვალისწინებით, მხედველობაში მისაღებია, რომ ყველაზე სწრაფად იზრდება პირველადი მოხმარების საქონლის ფასი, მათ შორის სურსათი. სურათის ფასების მატება თითქმის 2-ჯერ მაღალია, ვიდრე ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებელი. ამიტომ, სამომხმარებლო ფასების ოფიციალური ინდექსით გაანგარიშება არასწორ სურათს მოგვცემს.
მდგომარეობა უფრო დრამატულია, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გამუდმებით იკლებს. პური ფასი გაიზარდა 10-11%-ით, ხორცი - 12%-ით, რაც პირდაპირ მოქმედებს მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე.
მოსახლეობას განკარგვადი სახსრები ფორმალურად რჩება სავალდებული გადასახადების და შენატანების შემდეგ. მაგრამ, თუ იმას გავითვალისწინებით, რომ სესხების ოდენობა იზრდება, პროცენტის თანხა მატულობს, ამასთან, ბოლო წლებში მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი ერთვება აზარტულ თამაშებში, ეს ნიშნავს, რომ განკარგვადი შემოსავალი კი არ იზრდება, პირიქით, უფრო მცირდება.
ამ ყველაფერს სამომხმარებლო ფასების ინდექსის მაჩვენებელს თუკი დავუმატებთ, ორმაგი სენდვიჩის ფასებს მივიღებთ. ანუ, ერთი მხრიდან ფასები იზრდება, მეორეს მხრივ მატულობს მოსახლეობის მიერ სხვადასხვა დაწესებულებებსა და აზარტული თამაშის ობიექტებში გადახდილი თანხა. ამ ყველაფრით კი მოსახლეობის კეთილდღეობას სერიოზული საფრთხე ემუქრება", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო არჩვაძემ.
ინფლაცია ყველაზე მეტად პირველადი მოხმარების საქონელს აძვირებს როგორიაა საკვები, სასმელი, მედიკამენტები და მომსახურება. ეკონიმისტი სოსო სიმონიშვილის აზრით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ინფლაცია ყოველწლიურად მეტად იზრდება.
"თუკი 2012 წელს ადამიანს 200 ლარი ჰქონდა შემოსავალი და ყიდულობდა, გარკვეული რაოდენობის საქონელს (რასაც მოიხმარენ საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანები), 2013 წელს ეს თანხა მსყოდვეუნარიანობის თვასაზრისით შემცირდა, ხოლო 2014-ში კიდევ უფრო დაიკლო და დაახლოებით 144 ლარის დონეს გაუტოლდა. შემდეგ ცოტა მატება შეინიშნებოდა და შეიძლება ითქვას, რომ 200 ლარი თავისი მსყიდველობითი უნარიანობით ფართო სპექტრის საქონლის მიმართ 156 ლარის ფარგლებში მერყეობდა. პრაქტიკულად, ამ ხნის განმავლობაში თითქმის თავისი ფასის მეოთხედი დაკარგა.
წლის დასაწყისისათვის 200 ლარი პრაქტიკულად მსყიდველუნარიანობით დაახლოებით უდრიდა 144 ლარს. წამლებისა და ჯანდაცვის კუთხით, 200 ლარი 142 ლარს უდრიდა, რაც ცხადია კატასტროფაა. ეს დინამიკა კიდევ გაგარძელდა და დაჩქარდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 15-20%-ით შემსუბუქდა ამ ჯგუფის მიმართ ეროვნული ვალუტა.
ოთხ წევრიან ოჯახებს, რომელსაც შემოსავალი აქვს 300-350 ლარი ფარგლებში, განკარგვადი შემოსავლი აღარ რჩებათ. იგივე ვითარებაა ოჯახებში, რომელთაც 500-600 ლარი აქვთ შემოსავალი. ის კი არა, 1000-1200 ლარის შემოსავლის მქონე ოჯახმა რომ შეძლოს დანაზოგის გაკეთება, პრაქტიკულად, ესეც კი შეუძლებელია. მოსახლეობას განკარგვადი შემოსავალი აღარ რჩება", - განუცხადა "რეზონანსს" სოსო სიმონიშვილმა.
ლარის კურსი კი რეკორდულად უფასურდება და მას მიჰყვება ინცლაციაც. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მოსახლეობას მსყიდველუნარიანობა ეცემა. სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აღნიშნავს, რომ ხალხსს შემოსავალი არ ემატება, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი ძვირდება.
"ოფიციალური სტატისტიკით, ინფლაციის მაჩვენებელი 6.4% გახდა. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და შესაბამისად, მსყიდველუნარიანობა მინიმუმ 6.4%-ით დაცემულია.
ეროვნული ბანკის მიერ, მინიმალური დარეზერვების მაჩვენებლის შემცირებამ, შესაძლოა, ოდნავ შვება მოგვცეს (როგორც მინიმუმ ლარი ისე აღარ გაუფასურდება) და შესაბამისად, ზეწოლა ინფლაციურ პროცესებზე შემცირდება. ამიტომ ჩემი ვარადაუდი უფრო ოპტიმისტურია და წლის ბოლომდე მაქსიმუმ 7%-ს მიაღწევს ინფლაცია.
განკარგვად შემოსავლებთან მიმართებაში მეეჭვება, რომ რაიმე დრამატული ცვლილება მომხდარიყოს. შემოსავლები შესაძლოა, იგივე დარჩა, უბრალოდ, მოსახლეობას საყიდელი პროდუქცია გაუძვირდა", - განუცხადა "რეზონანსს" გივი მომცელიძემ.
გვანცა წულაია
გაზეთი "რეზონანსი"