„მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ შემოსავალები იზრდება, მსოფლიოში ამ პროფილის კომპანიების მოგების კლების ფონზე.
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 2018 წლის წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბაზარზე მოქმედი ოპერატორების შემოსავლები კიდევ უფრო მეტადაა გაზრდილი. სამწუხაროდ, ანგარიშში მხოლოდ შემოსავლებზეა საუბარი და ჩვენ არ ვიცით, რეალურად, რამდენად მაღალი იყო კომპანიების მოგება, თუმცა არსებული ციფრებიც ცხადყოფს, რომ ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიური მდგომარეობა, მომხმარებლების ხარჯზე, კომპანიების გამდიდრებისკენ არის მიმართული.
როგორც ცნობილია, სრული სატელეკომუნიკაციო ბაზრის 80%-ზე მეტი ორ კომპანიაზე – „მაგთიკომსა“ და „სილქნეტზეა“ გადანაწილებული და ისინი აკონტროლებენ მობილური ოპერატორების ბაზარს, ინტერნეტბაზარს და სატელევიზიო ბაზარს. მსგავს ფაქტს კი, მსოფლიოს ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ ნახავთ. გარდა ამისა, ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ მსოფლიოში, როგორც სატელეფონო, ასევე ინტერნეტბაზარზე ტარიფები მუდმივად მცირდება. კონკურენციის გარეშე დარჩენილმა „მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა“ კი, მას შემდეგ რაც ძალაუფლება ხელთ იგდეს, ტარიფების შემცირების ნაცვლად მის ზრდაზე დაიწყეს ზრუნვა.
ეს ფაქტი წლიურ ანგარიშშიც არის დაფიქსირებული და რომ არა მარეგულირებლის ჩარევა, სავარაუდოდ, მობილურ ინტერნეტზე ტარიფები 2018 წელსვე გაიზრდებოდა.
„მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციისა და ტარიფების გაიაფების მიუხედავად, 2018 წელს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მხრიდან, სხვადასხვა სატარიფო მომსახურებაზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ფასების გაზრდის მცდელობას ჰქონდა ადგილი. თუმცა, კომისიის მყისიერი ჩარევის შედეგად, მათ მიერ დაანონსებული ცვლილებები არ განხორციელებულა. 2018 წლის დასაწყისში, კომპანია „მაგთიკომმა“ მობილური ინტერნეტის ტარიფის გაზრდა დააანონსა, თუმცა კომისიამ კომპანიის მხრიდან სუბსიდირების განზრახულობის მიზნით, კვლევა დაიწყო და „მაგთიკომს“ ტარიფის ცვლილების პროცესი შეაჩერებინა.
აგრეთვე, სწორი სატარიფო პოლიტიკის და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური კავშირის კონსოლიდირებული ტენდერში კომპანიების მიერ გაწეული მომსახურეობების შესწავლა დაიწყო. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ „მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“ კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურეობის ფარგლებში სუბსიდირებას ეწეოდნენ. ორივე კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას“, – აღნიშნულია მარეგულირებელი კომისიის წლიურ ანგარიშში.
მობილურმა ოპერატორების შემოსავალმა 481 მლნ ლარი შეადგინა
კომისიის ანგარიშის მიხედვით, მობილური აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის ბოლოს 5.3 მლნ აბონენტი შეადგინა. ასევე, კორპორატიული აბონენტების რაოდენობამ მთლიანი აბონენტების 25% შეადგინა, რაც ჯამურად 1.333 მლნ აბონენტია. მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის ასე განაწილდა: „მაგთიკომის“ საბაზრო წილი გაიზარდა და 40.3% შეადგინა, „სილქნეტი/ჯეოსელი“ – 35.8%, „ვიონი საქართველო“ – 23.9%.
2018 წელს, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 481 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 7.3%-ით – 32.7 მლნ ლარით მეტია. საცალო შემოსავლების თვალსაზრისით, „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 46.9%, „სილქნეტი/ჯეოსელის“ – 36.7%, ხოლო „ბილაინის“ წილმა 16.4% შეადგინა.
შესაბამისად გამოდის, რომ 2018 წელს „მაგთიკომმა“ 225.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, „ჯეოსელმა“/“სილქნეტი“ 176.5 მილიონი ლარი, ხოლო „ბილაინის“ შემოსავალმა 79 მილიონი შეადგინა. წლიურ ანგარიშში კარგად ჩანს, რომ 2011 წელს კომპანიების შემოსავლები მკვეთრად შემცირდა, ეს ყველაფერი კი „ბილაინის“ პოზიციების გამყარებასთან და ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, მას შემდეგ რაც „მაგთიკომმა“ „კავკასუს ონლაინის“ საცალო ქსელი იყიდა, ხოლო „სილქნეტმა“ „ჯეოსელი“ შეიძინა და ბაზარზე ოლიგოპოლიური სიტუაცია შეიქმნა, კომპანიების შემოსავლებიც განუხრელად იზრდება.
მსოფლიოში მობილური ოპერატორების შემოსავალი მცირდება, საქართველოში კი მუდმივად იზრდება
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მობილური შემოსავლების ზრდის განაკვეთი 2017 და 2018 წლებში მშპ ზრდის განაკვეთს აღემატება, რაც არ არის გლობალურ ტენდენციასთან თანხვედრაში, სადაც 2016 წლიდან მობილური შემოსავალი, გლობალური მშპ ზრდის ფონზე, შემცირებისკენ მიდის, ხოლო საქართველოში – პირიქით. აღნიშნული ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ მობილურ მომსახურებაზე აქციზის გადასახადი გაუქმდა, ხოლო ამის საპასუხოდ კომპანიებს ტარიფები არ შეუმცირებიათ.
თუკი 2011 წელს შემოსავლების კლება ბაზარზე არსებულმა კონკურენციამ განაპირობა, 2015 წლის კლება გამოწვეულია ურთიერთჩართვის ტარიფის 5 თეთრიდან 3.5 თეთრამდე შემცირებით.
2018 წელს მობილური შემოსავლების 74% (356 მლნ) ფიზიკური პირების სეგმენტმა, ხოლო 26% (125 მლნ) იურიდიული პირების სეგმენტმა დააგენერირა. 2015 წლიდან იურიდიული პირებისგან მიღებული შემოსავლების ზრდის სტაბილური ტენდენცია იკვეთება.
ასევე, 2018 წლის მონაცემების მიხედვით, თვის განმავლობაში, ერთი აბონენტისგან მიღებულმა საშუალო შემოსავალმა ARPU15 – AVERAGE REVENUE PER USER (დღგ-ს და აქციზის გარეშე) საშუალოდ 8.2 ლარი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 80 თეთრით გაიზარდა.
ოპერატორების ჭრილში 2018 წლის IV კვარტლის მონაცემებით, ARPU-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „მაგთიკომს“ აქვს, შემდეგ „სილქნეტი/ჯეოსელს“, ხოლო ყველაზე მცირე თანხას მობილურ კავშირზე „ვიონი საქართველოს“ აბონენტები ხარჯავენ.
ინტერნეტბაზარზე 168 კომპანიაა, თუმცა ბაზრის 83%-ს “მაგთიკომი” და “სილქნეტი” აკონტროლებენ
როგორც მარეგულირებელი კომისიის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება გასული წლების მსგავსად, სტაბილურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება, როგორც აბონენტების რაოდენობის მხრივ, ასევე, შემოსავლების კუთხით. ვითარდება ოპტიკური ტექნოლოგია და მზარდია მისი სიმკვრივე აბონენტების მთლიან რაოდენობაში. 2018 წელს, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტად მზარდი მაჩვენებლები ჰქონდა რეგიონებს, ვიდრე დედაქალაქს. თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარი თითქმის გაჯერებულია, რეგიონალურ ქალაქებსა და სოფლებში კი, განსაკუთრებით, სადაც ოპტიკური ტექნოლოგია გახდა ხელმისაწვდომი, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. 2018 წლის IV კვარტლის მდგომარეობით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 858 ათასი აბონენტი შეადგინა. 2017 წლის ბოლოსთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 10.6%-ით (82 ათასი აბონენტით) გაიზარდა – ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 11%-ით, ხოლო იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა – 4%-ით.
ინტერნეტ მომსახურებიდან კომპანიების მიღებული შემოსავალიც მუდმივად იზრდება. 2018 წელს საცალო შემოსავალმა 225 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 5.7%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავალი მთლიანი ოდენობის 70%-ს შეადგენს, მაშინ, როცა ამ ტიპის აბონენტების რაოდენობა მთლიანი ბაზრის 95%-ია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იურიდიული პირი აბონენტების მომსახურების საფასური მნიშვნელოვნად აღემატება ფიზიკური პირი აბონენტების მიერ გადახდილ სააბონენტო გადასახადს. სხვათა შორის, ამის შესახებ „ბანკები და ფინანსები“ მუდმივად აქვეყნებდა პუბლიკაციებს და მიმართავდა მარეგულირებელ კომისიას, რომ შეესწავლა იურიდიული პირებისთვის ინტერნეტ მომსახურებაზე დაწესებული მაღალი ტარიფები.
ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიურ სიტუაციას ცხადყოფს ისიც, რომ მთლიანი შემოსავლის 83%-ს 2 კომპანია აგენერირებს, ხოლო დანარჩენი 13% 168 კომპანიაზე ნაწილდება. „მაგთიკომს“ შემოსავლის მიხედვით ბაზრის – 44.6% უჭირავს, „სილქნეტს“ – 36.9%, „ახალი ქსელების ჯგუფს“ – 5.9%.
შესაბამისად, 2018 წელს „მაგთიკომის“ შემოსავალმა, დაახლოებით, 100 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო „სილქნეტის“ შემოსავალი 83 მილიონი ლარი იყო.
განცალკევებულად ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავლის წილების მიხედვით, კომპანიების მიმდევრობა იგივეა, რაც შემოსავლის ჯამურ გადანაწილებაში. ფიზიკურ პირებში „მაგთიკომის“ წილი 43%-ია, „სილქნეტის“ – 36%, იურიდიულ პირებში კი „მაგთიკომის“ – 47%, ხოლო „სილქნეტის“ – 40%.
„მაგთიკომზე“ (55%) და „სილქნეტზე“ (38%) გადანაწილებული მაუწყებლობის ტრანზიტი
მარეგულირებელი კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები 698 ათასი აბონენტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14%-ით (86 ათასი აბონენტით) მეტია. აბონენტების რაოდენობის ყოველწლიური საშუალო ზრდა 13%-ია.
მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებულმა საცალო შემოსავალის წლიურმა ოდენობამ 95.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 26%-ით (20 მლნ ლარით) მეტია. საცალო შემოსავლების ყოველწლიური საშუალო ზრდა 16%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლების ზრდის მაჩვენებლებს.
IPTV მომსახურებას 2018 წლის ბოლო კვარტალში, ძირითადად ორი ოპერატორი – „მაგთიკომი“ (55%) და „სილქნეტი“ (38%) აწვდიდა. შესაბამისად, მათმა შემოსავლებმა „მაგთიკომის“ შემთხვევაში 52.6 მილიონი ლარი, ხოლო „სილქნეტის“ შემთხვევაში 36.4 მილიონი შეადგინა.
ანუ, თუკი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ ყველა მომსახურებას გავაერთიანებთ და ბაზარზე მოქმედი ორი მთავარი კომპანიის „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“/“ჯეოსელი“ შემოსავლებს შევაჯამებთ, დავინახავთ, რომ ამ კომპანიების შემოსავალმა 2018 წელს ჯამში 674 მილიონი ლარი შეადგინა. თავის მხრივ, „მაგთიკომის“ შემოსავალი 378.1 მილიონი ლარი იყო, ხოლო „სილქნეტის“/“ჯეოსელი 295.9 მილიონი.
ციფრები ნამდვილად შთამბეჭდავია და კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ აღნიშნული ორი კომპანია საბაზრო ძალაუფლების ხარჯზე ცდილობს მომხმარებლებისგან მაქსიმალურად მაღალი შემოსავლები მიიღოს და ბაზარზე ტარიფების შემცირებას კიდევ დიდხანს არ უნდა ველოდოთ.
გიორგი კაპანაძე
"ბანკები და ფინანსები"