ივანე მაჭავარიანის შემოსავალმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე 2018 წლის 12 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 28 181,82 ლარი შეადგინა.
ამასთან, როგორც მის მიერ 2019 წლის 30 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 30 აპრილის პერიოდში „ჯეოსელის“ კომერციული დირექტორის თანამდებობაზე მისი შემოსავალი 198 500,91 ლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა ფინანსთა მინისტრობიდან ივანე მაჭავარიანის შემოსავალი 1 წელიწადში.
მის მიერ მიმდინარე წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მაჭავარიანი ფლობს 950 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 290,95 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დუშეთის მუნიციპალიტეტში; თბილისში 22,45 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობის 50%-იან წილს, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული.
მასვე ეკუთვნის 217,82 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი დედაქალაქში, რომელიც ასევე გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული წინა წელს; 94 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე მიიღო.
გარდა ამისა, მინისტრის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 178,56 კვ. მეტრისა და 90,62 კვ. მეტრი ფართობის ბინა და 48 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართი.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაცის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე ჯამში, 67 628,61 ლარი; 270 738,33 დოლარი, 1 549,49 გირვანქა სტერლინგი, 13 362,46 ევრო, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი - 11 000 ლარი ჰქონდა.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მაჭავარიანი არის შპს „ქალამანი 2007-ისა“ და შპს „ტელესონიკის“ 50%-50%-იანი წილების და ასევე შპს კაფე-გალერეას 40%-იანი წილის მფლობელი. აღსანშნავია, რომ შემოსავალი არცერთი საწარმოს მუშაობის შედეგად არ მიუღია და ამასთან, დეკლარაციაში არ არის მითითებული აქვს თუ არა მინისტრს აღნიშნული წილების მართვის უფლება სხვა პირზე გადაცემული.
გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაში აქვს აღნიშნული, გასულ წელს ფინანსთა მინისტრმა ქონების გადასახადის სახით, 5 255,8 ლარი გადაიხადა.
ივანე მაჭავარიანი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს: 450 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში; იმავე მისამართზე მდებარე 460,8 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს და ასევე 150 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს დედაქალაქში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „ტოიოტა რავ 4“. ფინანსურ მდგომარეობას რაც შეეხება, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე - 59 500,75 და 106 253 ,77 დოლარი ჰქონდა.
შედარებისთვის, მინისტრის ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება ამ ერთ წელში არ შეცვლილა. რაც შეეხება, ფინანსურ მდგომარეობას, 2018 წლის 8 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მაჭავარიანს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 286 820.24 დოლარი; 22 813.99 ევრო, 1 549,49 გირვანქა სტერლინგი და 7 328,21 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 21 500 ლარი ჰქონდა. მის მეუღლეს კი - საბანკო ანგარიშზე - 131 695.1 დოლარი; 6,85 ლარი და 50 000 ევრო უფიქსირდებოდა.