დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის განახლებული ვერსია მოამზადა. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის პირველადი ვერსიით, რომლის განხილვაზეც პარლამენტმა უარი თქვა, იკრძალებოდა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტულ ორგანიზაციებში, ასევე იკრძალებოდა გარე რეკლამა აღნიშნული დაწესებულებებიდან 100 მეტრის რადიუსში.
დეპუტატი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეცვლილი სახით ხელმეორედ მოამზადა და 21 ოქტომბერს დაარეგისტრირა. ახალი ვერსიით, სრულად იკრძალება ნებისმიერი სახის აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა.
„ამ ახალი, შეცვლილი კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სრულად იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების ნებისმიერი სახის რეკლამა. სატელევიზიო, ბეჭდური, ინტერნეტით, ნებისმიერი სახის ტრანსპორტზე, სახმელეთო, საჰაერო, თუ გარე რეკლამა. არანაირი 100 მეტრის მოშორებით, სრულად იკრძალება“, -განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატის თმით, აუცილებლად უნდა აიკრძალოს აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა, რადგან საზოგადოებაში აღარ აღიქმებოდეს ისე, როგორც ტრენდი და მოდა.
„რეკლამის აკრძალვას აქვს შორს მიმავალი თავისი გეგმა. ყველაზე მთავარი, რასაც ამით ვაკეთებთ ჩვენ ურტყამთ ტრენდს. ჩვენი პრობლემა არის მოდა, რადგან ქვეყანაში დამკვიდრებულია, რომ თამაში არის კარგი. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო აკრძალავს აზარტული თამაშების რეკლამას, ამით იტყვის, რომ თამაში ცუდია და ის არ გაიყიდება, ისე როგორც კარგი პროდუქტი. ამასთან, ჩვენი მთავარი დასაცავი ობიექტი არის არასრულწლოვნები, რომელიც მოხიბლულები არიან ამ მოდით და რომელიც დროთა განმავლობაში იწვევს მის დამოკიდებულებას და საბოლოო ჯამში ხდება პრობლემური როგორც მისთვის, ისე მისი ოჯახისთვის. ასევე რეკლამის აკრძალვით უნდა დავიცვათ ის სოციალური ფონი, რომელიც ქვეყანაში ძალიან დამძიმდა.
აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებით პრეტენზიები გვაქვს თბილისის მერიასთანაც. ვფიქრობ, რომ არაკეთილსინდისიერად იქცევა ქალაქის მერია, როცა ხელს უწყობს საჯარო ტრანსპორტის გამოყენებას ამ მავნე რეკლამირებაში. ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იყოს გამოსახული ისეთი რეკლამები, რომელიც მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის არის პრობლემა და იწვევს დამოკიდებულებას და შემდეგ უამრავ პრობლემას", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, 2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,05 მილიარდი იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებლი 13,806 მილიარდამდე გაიზარდა.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ვაჭრობის შემდეგ სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა საგრძნობლად უსწრებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და სხვა.
ამასთან 2018 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 86,6 მლრდ ლარი შეადგინა, სათამაშო ბიზნესის წილი კი ამაში თითქმის 16%-ს შეადგენდა.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი