ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა - მილიარდერთა რეიტინგში ცვლილებაა

Bloomberg-ის მილიარდერების მუდმივად განახლებადი ინდექსის მიხედვით, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული კვლავ დაიბრუნა.

ის ამ სიის სათავეში ბოლოს ორი წლის წინ იმყოფებოდა.

ბილ გეითსმა უკან ჩამოიტოვა ბოლო წლების ლიდერი Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი. გეითსის ქონება ბოლო მონაცემებით, 110 მილიარდი დოლარით შეფასდა, მაშინ როცა ბეზოსის ქონებამ 109 მილიარდი შეადგინა. ლიდერთა სამეულს ავსებს ფრანგული კორპორაცია LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy)-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო, რომლის ქონება 103 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მილიარდერთა რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია წარმოდგენილი. Bloomberg-ის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ თვეში 70 მილიონი დოლარით გაიზარდა.

რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 16 ნოემბრის მდგომარეობით 352-ე პოზიციაზე იმყოფება. ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.42 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 15 ოქტომბრის მდგომარეობით მისი ქონება 5.35 მლრდ დოლარი იყო.

5.42 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 4.39 მილიონი უნცია ოქრო და 102 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0301%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 86%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.37%-ს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. ცნობითვის, Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.

თაია არდოტელი