საქართველოში ნათესების საერთო ფართობი ბოლო რამდენიმე წელია მნიშვნელოვნად მცირდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2014 წელს ნათესების საერთო ფართობი 479,9 ათასი ჰექტარი იყო, 2015 წელს - 463,9 ათასი ჰექტარი შეადგინა, 2016 წელს - 240 ათასი ჰექტარი, 2017 წელს - 420 ათასი ჰექტარი, 2018 წელს კი, მხოლოდ - 207,1 ათასი ჰექტარი.
ამასთან, მცირდება მარცვლოვანი და მარცვლოვანპარკოსანი კულტურების ნათესების ფართობებიც. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს მარცვლოვანი და მარცვლოვანპარკოსანი კულტურების ნათესების ფართობი - 213 ათასი ჰექტარი იყო, 2015 წელს - 198,9 ათასი ჰექტარი, 2016 წელს - 180 ათასი ჰექტარი, 2017 წელს - 161,9 ათასი ჰექტარი, ხოლო 2018 წელს - 153,2 ათასი ჰექტარი.
საქსტატის მონაცემებითვე, კარტოფილს, ბოსტნეულს და ბაღჩეულ კულტურებს 2014 წელს 41.2 ათასი ჰექტარი ეკავა, 2015 წელს - 43.8 ათასი ჰექტარი, 2016 წელს - 38.9 ათასი ჰექტარი, 2017 წელს - 37 ათასი ჰექტარი, ხოლო 2018 წელს - 34.3 ათასი ჰექტარი.
რა არის ნათესების ფართობის შემცირების მიზეზი, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის თანადამფუძნებელი მათე გარდავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
მისი თქმით, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგად, სოფლის მეურნეობის პროდუქტები სულ უფრო არაკონკურენტუნარიანია, შედეგად კი ნათესების საერთო ფართობი კატასტროფულად მცირდება.
„მთავარი აქტივი, რის ხარჯზეც წარმოების ზრდა უნდა მოხდეს, ანუ მიწა არის ძალიან იაფი. ამასთან, ამ სფეროში კაპიტალი არ ჩნდება, რამაც კატასტროფული მდგომარეობა გამოიწვია.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვითომ გამოითქვა სურვილი, რომ სოფლის მეურნეობა უნდა განვითარებულიყო, თანხა უნდა ჩადებულიყო და ბიუჯეტიდან გარკვეული რესურსიც დაიხარჯა, თუმცა, როგორც ვხედავთ, შედეგი მაინც არასახარბიელოა.
დარგის განვითარებას ბევრმა ფაქტორმა შეუშალა ხელი. კერძოდ, თვითონ სოფლის მეუბნეობის პროდუქცია არაკონკურენტუნარიანია და რაც დრო გადის, სულ უფრო არაკონკურენტუნარიანი გახდება, რადგან აქ ინვესტიციები არ ჩნდება. მთელი მსოფლიო ვითარდება და კაპიტალიზაცია იზრდება, ჩვენი სოფლის მეურნეობა კი სულ უფრო არამიმზიდველი ხდება.
არის ერთი, ძალიან მნიშვნელვანი პრობლემა, რომელიც ამ დარგს სწორედ ახალი ხელისუფლების მოსვლის პერიოდიდან შეექმნა. კერძოდ, პრაქტიკულად, შეაჩერეს სახელმწიფო საკურეთბაში არსებული მიწების პრივატიცაზიის და კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი, რამაც რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ნათესების ფართობების შემცირებაზე, რაც შემდეგ უკვე სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე და შესაბამისად, ფიცრებშიც აისახა“,-ამბობს მათე გარდავა.