ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. იმ ტოპ-10 საწარმოს შორის, სადაც 2019 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, არის მათ შორის, შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია.
ფონდი „ქართუს“ მისამართზე მდებარეობს. ამასთან, მისი 100%-იანი წილი პანამაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება - FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთვნის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.
ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებს შორისაა მათ შორის, "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში". “ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია სასტუმროს ფინანსური მაჩვენებლები.
2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, შპს „ბლექ სი რიზორთსის“ (პარაგრაფი) ამონაგები მომსახურების გაწევიდან - 21 209 000 ლარი იყო. მათ შორის ამონაგები სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან - 13 504 000 ლარს; ამონაგები საკვების და სასმელის გაყიდვიდან - 6 720 000 ლარს; ამონაგები გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრიდან - 839 000 ლარს; ამონაგები საოპერაციო იჯარიდან - 91 000 ლარს; ამონაგები სასტუმროს სხვა დეპარტამენტებიდან და სხვა შემოსავლები კი - 55 000 ლარს შეადგენდა.
როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გაწეული მომსახურების თვითღირებულება - 31 583 000 ლარი; მათ შორის დაქირავებით მომუშავე პირთა გასამრჯელოები ხარჯები - 4 841 000 ლარი; კომუნალური ხარჯები - 2 326 000 ლარი; ძირითადი საშუალებების ცვეთის ხარჯები - 14 833 000 ლარი იყო.
ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, საოპერაციო ზარალი - 21 506 000 ლარი; ხოლო წლის სრული ზარალი - 21 392 000 ლარი იყო. გარდა ამისა, ანგარიშგების თანახმად, სასტუმროს საკუთრებაში იყო - 215 046 000 ლარის აქტივები იყო.
როგორც ფინანსურ დოკუმენტაციაშია მითითებული, შპს „ბლექ სი რიზოთსი“ 2014 წლის 5 ივნისს სს Frankston International S.A. Panama-ს (შპს “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი”-ს უშუალო მშობელი კომპანია) მიერ დაფუნძდა. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე არის შპს “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი”. 2018 წლის 22 მარტს კომპანიამ დააფუძნა 100%-ით ფლობილი შვილობილი საწარმო - შპს პარაგრაფ შეკვეთილი. ამ კომპანიამ ჩაანაცვლა შპს „ბლექ სი რიზორთსი“ Global Hospitality Licensing S.A.R.L.-თან (Marriott International) სალიცენზიო ხელშეკრულებაში და გახდა სასტუმროს ოპერატორი საწარმო 2019 წლის 1-ლი აპრილიდან. 2018 წლის 31 დეკემბერისა და 2017 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანია იყო სს Frankston International S.A. Panama და ჯგუფს საბოლოოდ აკონტროლებდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი.
ჯგუფის ძირითადი სამეურნეო საქმიანობაა მაღალი კლასის სასტუმროს „პარგრაფ რიზორთ ენდ სპა შეკვეთილი, ავტოგრაფ ქოლექშენ“-ის ოპერირება სოფელ შეკვეთილში. 220 ოთახიანი სასტუმროს ოპერირება Global Hospitality Licensing S.A.R.L.-თან (Marriott International) სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 3 აგვისტოს საცდელ რეჟიმში დაიწყო. ხოლო სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების თარიღი მარიოტთან სალიცენზიო ხელშეკრულების მიხედვით, 2018 წლის 1-ლი აპრილი იყო.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი სასტუმრო „პარაგრაფს“ გაყიდვასაც განიხილავს. კერძოდ, როგორც მანდ განაცხადა, „პანორამა თბილისს“, ანაკლიის შესყიდულ მიწას და ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფს“ ნებისმიერ მსურველს 20-25%-იანი ფასდაკლებით მიყიდის“.