ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბილიკის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია.
ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით, 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი იქნება.
სააგენტოს ცნობით, ხის კენწეროების ბილიკის პროექტი გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანია, CITYFORESTER-მა მოამზადა. კომპანია ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა/ურბანიზმის მიმართულებით მუშაობს. CITYFORESTER-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია: OPENFABRIC და IMAGINE STRUCTURE და ერთი ქართული ორგანიზაცია CENN იყო ჩართული.
ორგანიზაციებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტებზე და ინტელექტუალურ დიზაინზე მუშაობის მიმართულებით. პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში (TJS) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.