ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიზეზთა შორის ხშირად ლარის კურსი სახელდება, რადგან საქართველოში უმეტესწილად იმპორტირებული მედიკამენტები შემოდის და რაც აქ იწარმოება, ხშირად ისიც უცხოეთში ნაყიდი ნედლეულით. თუმცა ზოგ მედიკამენტზე ფასი ხუთჯერ მეტად გაიზარდა, ვიდრე ლარის გაუფასურების მთელი წლის მაჩვენებელი იყო. ექსპერტები ამის მიზეზად ფარმაცევტულ სექტორში არსებულ ოლიგოპოლიასა და კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებებს ასახელებენ. ლაპარაკია, რომ საქმე გვაქვს ფარმაცევტული კომპანიებისა და სამკურნალო დაწესებულებების ალიანსთან, რაც ხელოვნურად ზრდის ფასებს და ჭარბი, ხშირად პაციენტისთვის არასაჭირო მედიკამენტის რეალიზაციას უწყობს ხელს. შედეგად ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი მხოლოდ სამი მსხვილი კომპანიის ბრუნვამ შარშან 1,6 მილიარდ ლარს მიაღწია.
მარინა ბერაძე, ჯანდაცვის ექსპერტი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი და ორგანიზაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი:
- მედიკამენტების ფასების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ლარის კურსი, მაგრამ არა ფასების ზრდის ერთადერთი მიზეზი. საქართველოში ფარმაციის სფერო უკვე რამდენიმე ათეული წელია, ფაქტობრივად, დერეგულირებულია. შესაბამისად, პრობლემამ, რომელიც 30 წლის წინ შედარებით მცირე იყო, უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა და მასთან ბრძოლაც უფრო რთული იქნება.
ფარმაცევტული სექტორის მოწესრიგების მთავარი მიზანი ის არის, რომ მოსახლეობამ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტები უნდა მიიღოს. თუ ეს პირობა არ შესრულდა, ჯანდაცვის არც ერთ რეფორმას აზრი არ ექნება.ფარმაცევტულ სექტორს ძლიერი საკანონმდებლო ბაზა უნდა არეგულირებდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, არამედ მეცნიერებაცაა. მაგალითად, რეცეპტს, რომელსაც ექიმი გვიწერს, რამდენიმე დანიშნულება აქვს: ეს არის სამედიცინო დანიშნულების დოკუმენტი და ასახავს წამლის დოზასა და მკურნალობის რეჟიმს; ეს აგრეთვე არის იურიდიული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც რეცეპტის გამომწერი იღებს პასუხისმგებლობას მკურნალობის პროცესზე, მის შედეგებსა და მკურნალობასთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებზე; რეცეპტი არის სამედიცინო სტატისტიკისთვის ინფორმაციის შეგროვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რისი წარმოებაც ჩვენთან საერთოდ არ ხდება. ყველა ეს ფაქტორი მიანიშნებს, რომ ფარმაცია არ არის წმინდა წყლის ბიზნესი და არ შეიძლება მას `იყიდე-გაყიდეს~ პრინციპით მივუდგეთ.საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს, რომ ექიმმა რეცეპტში წამლის გენერიკული დასახელება მიუთითოს და არა მისი სავაჭრო სახელწოდება. სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ეს კანონდარღვევად ჩაითვლებოდა, ჩვენთან კი მიღებული პრაქტიკაა, რაც ხელს უწყობს ორი მანკიერების დაკანონებას - წამლის გაძვირებას ექიმზე ან ფარმაცევტულ კომპანიაზე ბონუსის გაცემის მიზნით და პაციენტის უფლებების დარღვევას, რადგან მას თავისუფალი არჩევნის შესაძლებლობა ესპობა - აირჩიოს პრეპარატი თავად რეცეპტში მითითებული აქტიური ნივთიერების მიხედვით.
არსებობს ერთმანეთთან შეუთავსებელი მედიკამენტების სახელმძღვანელოები, ინტერნეტსივრცეშიც არის ამ ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა, სადაც აქტიური ნივთიერებების ურთიერთქმედებაზეა საუბარი და არა მათ სავაჭრო დასახელებაზე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეცეპტში მედიკამენტი მისი აქტიური ნივთიერების სახელწოდებით უნდა იყოს მითითებული.
დღეს ფარმაცევტულ კომპანიას ყველა გზა და საშუალება აქვს გახსნილი, რათა წამლებზე ფასი საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს, რადგან სახელმწიფო ვერ ერევა ფასწარმოქმნის პროცესში.
ყველა განვითარებულ ქვეყანაში აკრძალულია, ერთი სუბიექტის ხელში იყოს ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება, საბითუმო და საცალო რეალიზაცია, ხოლო ის, რომ იმავე ბიზნესსუბიექტს ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულება და სადაზღვევო კომპანიაც, ხომ წარმოუდგენელია.
ჩვენთან კი ამ ჩამონათვალს ბანკები და სამშენებლო ბიზნესიც ემატება და ეს ყველაფერი ერთი ჰოლდინგური კომპანიის ქოლგის ქვეშ იყრის თავს. რეგულაციების არარსებობით სახელმწიფომ თავად შეუწყო ხელი მონოპოლიური მონსტრების ჩამოყალიბებას, რომელთა წინაშეც პაციენტი უფლებააყრილია. ექიმი, რომელიც ამ ბიზნესმონსტრზე მუშაობს, ვალდებულია მისი დამქირავებლის ინტერესი გაატაროს და არა პაციენტის. ასე რომ, ლარი-დოლარის კურსის გარდა, ბევრი სხვა ფაქტორია, რაც წამლის გაძვირებას იწვევს და რადგან ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებზე ლაპარაკი არ სურთ მავანთ, ყველაფერს დოლარის კურსს აბრალებენ. თუ მხოლოდ ეს არის წამლების გაძვირების მიზეზი, რატომ არ იაფდება მედიკამენტები მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა მყარდება?
- იმას, რომ ჩვენთან ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ, დადასტურება სჭირდება. გვაქვს რამე ხელჩასაჭიდი, რომ ფარმაცევტული კომპანიები არაკეთილსინდისიერებაში დავადანაშაულოთ?- არსებობს სხვადასხვა დროს მოწყობილი არაერთი კვლევა, წამლების საკონტროლო შესყიდვა, რომლის ავტორები უმეტესად დაინტერესებული კერძო პირები ან არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ყველა ეს კვლევა და კიდევ ბევრი კონკრეტული ფაქტი ადასტურებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებებზე მუშაობენ. კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს სწავლობს და მათ შორის, წამლების ფასწარმოქმნის საკითხსაც. ეს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო. ველოდებით კვლევის შუალედური შედეგების გამოქვეყნებას. დარწმუნებული ვარ, თუ კვლევა ობიექტური იქნება, დადასტურდება ყველა ის ფაქტი, რაზეც წლებია ვლაპარაკობთ.
არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ საქართველოში წარმოებული მედიკამენტებიც კი მეზობელ სომხეთში უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, რადგან იქ ფარმაცევტული სექტორი რეგულირდება და კანონით ერთმანეთისგან გამიჯნულია საცალო და საბითუმო ფასები. ამ ბოლო დროს ჩვენი მოქალაქეები თურქეთში გადადიან წამლის საყიდლად, რადგან იქ ზოგჯერ ოთხ-ხუთჯერ უფრო იაფია. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ საქართველოს საბაჟოზე თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე კერძო პირებს ფასთა სხვაობას ახდევინებენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ფარმაცევტული ბიზნესმონსტრები ყველა ხერხს იყენებენ, რათა არ მისცენ განვითარების შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს.
- იმას, რომ ჩვენთან ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ, დადასტურება სჭირდება. გვაქვს რამე ხელჩასაჭიდი, რომ ფარმაცევტული კომპანიები არაკეთილსინდისიერებაში დავადანაშაულოთ?
- არსებობს სხვადასხვა დროს მოწყობილი არაერთი კვლევა, წამლების საკონტროლო შესყიდვა, რომლის ავტორები უმეტესად დაინტერესებული კერძო პირები ან არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ყველა ეს კვლევა და კიდევ ბევრი კონკრეტული ფაქტი ადასტურებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებებზე მუშაობენ. კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს სწავლობს და მათ შორის, წამლების ფასწარმოქმნის საკითხსაც. ეს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო. ველოდებით კვლევის შუალედური შედეგების გამოქვეყნებას. დარწმუნებული ვარ, თუ კვლევა ობიექტური იქნება, დადასტურდება ყველა ის ფაქტი, რაზეც წლებია ვლაპარაკობთ.
არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ საქართველოში წარმოებული მედიკამენტებიც კი მეზობელ სომხეთში უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, რადგან იქ ფარმაცევტული სექტორი რეგულირდება და კანონით ერთმანეთისგან გამიჯნულია საცალო და საბითუმო ფასები. ამ ბოლო დროს ჩვენი მოქალაქეები თურქეთში გადადიან წამლის საყიდლად, რადგან იქ ზოგჯერ ოთხ-ხუთჯერ უფრო იაფია. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ საქართველოს საბაჟოზე თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე კერძო პირებს ფასთა სხვაობას ახდევინებენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ფარმაცევტული ბიზნესმონსტრები ყველა ხერხს იყენებენ, რათა არ მისცენ განვითარების შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს.
- სახელმწიფო ხომ ცდილობს, მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს? მაგალითად, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გარკვეული კატეგორიის სოციალურ ჯგუფებს აძლევს შესაძლებლობას, 45 დასახელების წამალი 1 ლარად შეიძინოს.
- ეს მართლაც დადებითი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ ხომ შედეგი გვინდა, რათა რეფორმაც წარმატებული იყოს და მოსახლეობაც კმაყოფილი. ჩვენ ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) წევრი სახელმწიფო და მისი წესები გვაქვს მიღებული. ერთ-ერთი ასეთი წესის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. ჯანმოს მედიკამენტების სია 300-ზე მეტი დასახელების პრეპარატისგან შედგება და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ნუსხას ყოველ ორ წელიწადში აახლებს. ამ წამლებზე ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ მთავრობა ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და ყველაზე მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის ეს წამლები უფასოა, დანარჩენი მოსახლეობისთვის კი ძალიან იაფი, რადგან ეს ყოველდღიური მოხმარების პრეპარატებია. 300-სთან შედარებით 45 დასახელების პრეპარატი ზღვაში წვეთია, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ჯანმოს სიაში ქრონიკული დაავადებების წამლები გენერიკული სახელწოდებებით არის მითითებული, ჩვენთან სახელმწიფომ კი ამ სიაში წამლები ბრენდული სახელწოდებით შეიტანა. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფო შესყიდვებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს კი არ ეხმარებიან, არამედ კონკრეტულად რომელიმე შემომტანს, სააფთიაქო ქსელს უწყობენ ხელს. ჯერ ერთი, როცა სახელმწიფო ფარმაცევტული კომპანიების მიერ დადგენილი ფასით ყიდულობს წამლებს, ბიუჯეტს ეს ძალიან ძვირი უჯდება, ხოლო იმის გამო, რომ სახელმწიფო პროგრამით მხოლოდ კონკრეტული ბრენდული დასახელების მედიკამენტები გაიცემა, ხშირია ქსელში მათი მარაგის ამოწურვის შემთხვევა. ბევრჯერ მინახავს, როგორ დადიან პენსიონერები აფთიაქიდან აფთიაქში სასურველი წამლის საშოვნელად. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის ეს კომპონენტი იმდენ ბიუროკრატიულ ბარიერს მოიცავს, რომ ძალიან ჯანმრთელი უნდა იყო, ასეთ ფიზიკურ დატვირთვას რომ გაუძლო.
- როცა მედიკამენტები და სურსათი ძვირდება, იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება ხელისუფლებით, მიუხედავად ამისა, არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი, რომ ფარმაცევტული ბიზნესისთვის თამაშის წესები განესაზღვრა. როგორ ფიქრობთ, რატომ სწირავენ მთავრობები ფარმაცევტული კომპანიების კეთილდღეობას საკუთარ რეპუტაციას?
- ძალიან რთულია ჩემთვის ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. საშუალო გონებრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანსაც შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.
წლებია უკვე ამ პრობლემაზე ვლაპარაკობთ და ერთ წრეზე დავდივართ და ვერაფერს მივაღწიეთ. ფაქტობრივად, ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენზე, რამდენად ძვირის გადახდა შეგვიძლია წამალში. საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც კანონისა და რეგულაციების შემუშავებაზე მუშაობს, არ შეიძლება ფარმაცევტული ბაზრის ლობისტები ისხდნენ. თუ ხელისუფლება სისტემურ ცვლილებებს არ ახორციელებს და ყველასთვის ერთნაირი თამაშის წესებს არ ადგენს, ჩნდება ეჭვი, რომ მასაც აქვს დაინტერესება. არაფრის მოგონება არ გვჭირდება, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მაგალითი შეგვიძლია გადმოვიტანოთ. წამლების გაიაფებას პოლიტიკური ნება სჭირდება. მერწმუნეთ ასეთ პირობებში წამლებიც გაიაფდება, ზედმეტი წამლების გამოწერის შემთხვევებიც აღარ იქნება და მოსახლეობაც წამლებზე ნაკლებს დახარჯავს.
„კვირის პალიტრა“