ახალი წლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად საჭირო პროდუქციის შესაძენად აგრარულ ბაზრებსა თუ მარკეტებში ხალხის რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.
რამდენი ლარი დაჯდება საახალწლო სუფრა? - ამის გარკვევას „ბიზნესპრესნიუსი“ თბილისში მდებარე აგრარულ ბაზრებში შეეცადა.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, წელსაც, შარშანდელის ანალოგიურად ფასები მომატებული არ არის, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ფასებმა მცირედით მოიმატოს. დღეს არსებული ფასებიდან გამომდინარე კი, წელს ოჯახს ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა საშუალოდ 350-400 ლარი დაუჯდება.
საახალწლო კერძის მთავარი შემადგენელის - ერთი კილოგრამი ინდაურის ღირებულება 20-25 ლარია. 5-კილოგრამიანი ინდაურის ყიდვის შემთხვევაში ის 100-125 ლარი დაგიჯდებათ.
ნიგოზის ფასი 20 ლარიდან იწყება და 35 ლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით ფასები არ შეცვლილა. თაფლის ფასი კი 15-დან 40 ლარებში მერყეობს.
რაც შეეხება თევზეულს, ფასები აქაც სახეობების მიხედვით განსხვავებულია. გაყინული თევზის ფასი ძირითადად 7-13 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი სახეობა უფრო ძვირიც ღირდეს. „ცოცხალი“ თევზის ფასი 12-ლარიდან იწყება და 60 ლარამდეც ადის.
გაძვირებულია გოჭი, თუ წინა წელს ერთი კილოგრამი გოჭის ხორცის ფასი 15 ლარიდან იწყებოდა, ახლა მისი ფასი 18-დან 20 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ 7-8 კილოგრამიანი გოჭის საყიდლად მინიმუმ 126 ლარი დაგჭირდებათ.
რაც შეეხება საქონლისა და ღორის ხორცს, აქაც ფასები იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რომელი ნაჭრის ყიდვა გსურთ. საქონლის ხორცი საშუალოდ 17 ლარია. რაც შეეხება ღორის ხორცს, ბაზარში 14-15 ლარში მერყეობს. ბაზარში ჩურჩხელის ყიდვა 1.5-დან 4-ლარამდეა შესაძლებელი.
რაც შეეხება ხილს, მანდარინის შეძენა 2 ლარიდან არის შესაძლებელი. კივის ფასი კი საშუალოდ 3-3,50 ლარის ფარგლებშია.
ბაზარში შოკოლადის ფასი პროდუქციის ასორტიმენტის ანალოგიურად მრავალფეროვანია. ერთი კილოგრამის ფასი 5 ლარიდან იწყება და 40 ლარამდეც ადის.