საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.
კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია. 2019 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მართალია, დეპუტატი არ ფლობს უძრავ ქონებას, თუმცა, მის მეუღლეს, ტელეწამყვანს თამარ ჩერგოლეიშვილს უფიქსირდება 75 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2018 წელს 80 000 დოლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება უშუალოდ დეპუტატის საკუთრებას, გიგა ბოკერიას ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი toyota- camry, რომელიც 2017 წელს აქვს შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 2 500 ლარი ჰქონდა.
2018 წლის განმავლობაში ბოკერიამ შემოსავლის სახით, პარლამენტის წევრის - უმცირესობის ლიდერის მოადგილის პოსტზე 49 956 ლარი მიიღო. მის სახელზე ფიქსირდება სესხიც, რომლის შედეგადაც დეპუტატის წლიურმა გასავალმა 33 003,75 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაში მთითებული მისი გასავალი არაფულადი შემოწირულობის სახით, 7 040 ლარი იყო. ბოკერიამ გასულ წელს საჩუქრის სახით, მამისგან 55 000 ლარი მიიღო.
გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი არის შპს ყოველკვირეული ანალიტიკური ჟურნალის „ტაბულას“ 14%-იანი და შპს „ლუმიერის“ 100%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, ის არის შპს „ტაბულა მედიას“ დირექტორი, თუმცა, არცერთი კომპანიის საქმიანობით არ აქვს შემოსავალი მიღებული.
ჩერგოლეიშვილი ფლობს მსუბუქ ავტომობილს - BMW 120-ს; ასევე მის საკუთრებაშია ირაკლი ფარჯიანისა და ოლეგ ტიმჩენკოს ფერწერული ტილოები, რომელთაგან ფარჯიანის ნამუშევარი საჩუქრად აქვს მიღებული. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 2501 დოლარი, 5 771 ევროს ოდენობის საკრედიტო, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 2 000 დოლარი ჰქონდა.
ამასთან, სამოქალაქო განათლების ფონდის დამფუძნებელ-დირექტორად ყოფნის პერიოდში ჩერგოლეიშვილმა 2018 წელს 62 956 ლარის შემოსავალი მიიღო. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში რამდენიმე სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც გასავალმა ჯამში, 67 250 ლარი; 20 400 ევრო და 18 880 დოლარი; ხოლო შემოსავალმა 36 900 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, როგორც ბოკერიას ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მისი შვილი ფლობს ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოს, რომელიც საჩუქრად აქვს მიღებული.