ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა.
აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. ცნობისთვის, მანამდე კომპანიას ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.
მისმა შემოსავალმა ამ პოსტზე, 2018 წლის 25 მაისიდან 31 დეკემბრის პერიოდში 38 749,1 ლარი, ხოლო 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 25 მაისამდე პერიოდში სამინისტროს ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე - 18 409,91 ლარი შეადგინა.
2019 წლის 28 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გალდავა ფლობს 2017 წელს შეძენილ 70 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; 2 000 და 1 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთებს დუშეთის რაიონში და იმავე მისამართზე მდებარე 60 კვ. მეტრის აგარაკს, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული. ასევე მის საკუთრებაშია 880 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში და 65 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომლებიც 2013 და 2000 წელს აქვს შეძენილი.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 7 891,3 ლარი; ასევე 9 750 ლარის საკრედიტო, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 57 159,01 ლარი ჰქონდა. ამასთან, გალდავას დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა სესხი, რომლის დასაფარადაც მისმა გასავალმა 30 000 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის დღეებში გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა დაიწყო, რომლის აღმოსაფხვრელადაც სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ პრემიერმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრაც გამართა. შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა განმარტებით, პრობლემა გამოიწვია უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა, რის შედეგად წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა. ასევე სწორედ წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც.