ბიძინა ივანიშვილი „ლაგუნა ვერეს“ დარჩენილი აქციების შეძენასაც გეგმავს.
ამის შესახებ სს სპორტული კომპლექსის „ლაგუნა ვერეს“ განცხადება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
კერძოდ, განცხადების თანახმად, "ლაგუნა ვერეს“ განთავსებული აქციების 99.97%-ის მფლობელი აქციონერი სს „იუნიონი“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის ფარგლებში ახორციელებს "ლაგუნა ვერეს“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვას ყველა აქციონერისაგან. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად - 2020 წლის 12 იანვარი, ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასად კი 3.62 ლარია განსაზღვრული.
ცნობისთვის, თბილისის უდიდესი ღია საცურაო აუზი 1978 წლის 13 ოქტომბერს გაიხსნა, ამ მრავალფუნქციურ კომპლექსში ემზადებოდნენ ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები. საცურაო კომპლექსი 2014 წლის 2 მარტამდე ფუნქციონირებდა, აუზის ხელმძღვანელობა ლაგუნა ვერეს დახურვის მიზეზად შენობის სიძველესა და დაბალ შემოსავლებს ასახელებდა.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2007 წლის 18 მაისს ჩატარებულ ლაგუნა ვერეს აქციონერთა კრებაზე გაირკვა, რომ 2006 წლის მანძილზე აუზის ხარჯები მის შემოსავლებს 160 ათასი ლარით აღემატებოდა. სავარაუდოდ, ეს გარემოება გახდა რამდენიმე დღეში მისი გაყიდვის მიზეზი.
საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, 2007 წლის 12 ივნისს ლაგუნა ვერეს აქციათა 63.03 %-ის მფლობელი სააქციო საზოგადოება "იუნიონი" გახდა. სწორედ მისი მეშვეობით გახდა ივანიშვილი ლაგუნა ვერეს მფლობელი. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, გარიგების დადების დროს "სს იუნიონის" კაპიტალი 204 მილიონ ლარს შეადგენდა, თავად "იუნიონი" კი ამ პერიოდში ქართუ ჯგუფის აქციათა 26%-ის მფლობელი იყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "იუნიონის" 100%-იანი წილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Ringold Finance Limited-ს ეკუთვნის. იურიდიულად ოფშორულ Ringold Finance Limited-ს ბიძინა ივანიშვილთან კავშირი არ აქვს, რადგანაც ის მის ქონებრივ დეკლარაციაში მოხსენიებული არაა, თუმცა მას „ქართუ ჯგუფის“ მრავალი კომპანია ეკუთვნის.
2007 წლის 29 ივნისს "სს იუნიონი" ლაგუნა ვერეს სააქციო კაპიტალის 88%-ის; 2007 წლის 19 ივლისს კი 94%-იანი წილის მფლობელი გახდა. საბოლოოდ "სს იუნიონი" ლაგუნა ვერეს აქციათა თითქმის სრული პაკეტის მფლობელი 2014 წლის 12 დეკემბერს, აუზის დახურვიდან 8 თვის შემდეგ გახდა.