1931 წელს დაფუძნებული კომპანია დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ასეულშია. კომპანიის მიერ შექმნილი „პორშე“ კი ყველაზე პრესტიჟული ავტომობილის ტიტულს ატარებს.
1875 წლის 3 სექტემბერს მეთუნუქე ანტონ პორშეს ოჯახს ვაჟი შეეძინა. მას ფერდინანდი დაარქვეს. ეს ბოჰემიაში, პატარა სოფელ მაფერსდორფში მოხდა, დღევანდელ ჩეხეთში. ფერდინანდის მამა ცნობილი იყო, როგორც კარგი ოსტატი და დარწმუნებულიც გახლდათ, რომ ვაჟი მის საქმეს განაგრძობდა, ამიტომაც პატარაობიდანვე ასწავლიდა ხელობის საიდუმლოებებს. ბიჭს არც ჭკუა აკლდა და არც შრომისმოყვარეობა, მაგრამ მამის სურვილს ახდენა არ ეწერა. ყმაწვილი ელექტრობით დაინტერესდა, რომელსაც მის სოფლამდე ჯერ ვერც მიეღწია. ერთხელ მამამ ვაჟს სხვენში შეუსწრო, როცა ის ელექტრობაზე ექსპერიმენტებს ატარებდა და გაბრაზებულმა მთელი ნამუშევარი გაუნადგურა. თუმცა საბოლოოდ ფერდინანდის დედამ დაარწმუნა მეუღლე და ბიჭს რაიხენბერგში საიმპერატორო ტექნიკურ სკოლაში სიარულის ნება დართეს. ფერდინანდმა მამას დაუმტკიცა, რომ სწორ გზაზე იდგა - სახლში ელექტროქსელი გაიყვანა და ნათურები აანთო. ეს სოფელში პირველი ნათურები იყო.
XIX საუკუნის დასასრულს ევროპაში ხელის სამუშაო ადგილს უთმობდა მექანიკურ შრომას, ცხენებში შებმული ურიკები კი თვითმავალ მექანიკურ ეტლებს - ავტომობილებს. ფერდინანდის ოცნება ავტომობილების შექმნა იყო. ტექნიკური სკოლისა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1898 წელს, ახალგაზრდა კონსტრუქტორმა ძალები ვენის ავტომწარმოებელ ქარხანა „ლოჰნერში" მოსინჯა, სადაც საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელობდა. შვიდი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელმა შრომამ შედეგი გამოიღო. პირველმა დამოუკიდებელმა ნამუშევარმა, ძრავა-საბურავმა ელექტრომობილისთვის, 24 წლის ინჟინერს წარმატება და სახელი მოუტანა. ამან პორშეს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა შეჰმატა. 1906 წელს ის კომპანია „აუსტრო-დაიმლერის" მთავარ კონსტრუქტორად დაინიშნა, სადაც მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე მოდელი შეიქმნა. 1909 წელს ფერდინანდს შეეძინა ვაჟი და მასაც მამასავით ფერდინანდი დაარქვეს. ამავე წელს პორშე უფლისწულ ჰენრიხ პრუსიელის პატივსაცემად გამართულ რალიში მონაწილეობდა. ის თავისი კონსტრუქციის სპორტული „აუსტრო-დაიმლერის" საჭესთან იჯდა და მეორე ადგილმა თავმოყვარეობა ვერ დაუკმაყოფილა. მომდევნო წელს უფრო სრულყოფილი მოდელის საჭეს მიუჯდა და ფინიშთანაც პირველი მივიდა. მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წლიდან ჩეხეთში, „შკოდას" ქარხანაში მუშაობდა. ახალგაზრდა გენიოსის მორიგი ქმნილებები იყო საარტილერიო საწევარი, ძრავები თვითმფრინავებისა თუ დირიჟაბლებისთვის და სხვა სამხედრო ტექნიკა. კაიზერმა ის ორდენით დააჯილდოვა - ჯვარით „დამსახურებებისთვის". ფერდინანდის მოღვაწეობა „დაიმლერ ბენცში" გაგრძელდა. ახალ სამუშაო ადგილზე მის მიერ დაპროექტებულმა პირველმა ავტომობილმა, „მერსედეს 360"-მა მაშინვე მიიქცია მდიდარი ადამიანების ყურადღება. შემდგომში პორშემ დიდი ძალისხმევა და ენერგია დახარჯა ლეგენდად ქცეულ სერიებზე - K და S. მისი იდეების დამაგვირგვინებელი კი მოდელები SS, SSK და SSKL გახდნენ.
სამეწარმეო წრეებში ფერდინანდ პორშემ დიდი სახელი მოიხვეჭა. 1924 წელს შტუტგარტის ტექნიკურმა აკადემიამ გამომგონებელს ტექნიკურ მეცნიერებათა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ბრენდის დაბადება „დაიმლერ ბენცში" პორშემ დაახლოებით ხუთი წელიწადს იმუშავა, შემდეგ კი მიიღო შეთავაზება ასევე მთავარი კონსტრუქტორის თანამდებობაზე ავსტრიული კომპანია „შტეირიდან". სწორედ იქ, მისი თაოსნობით, 1928 წელს ქვეყანას ორი საინტერესო ავტომობილი მოევლინა - „ავსტრია" და „ტიპ XXX". მაგრამ პორშემ შეიტყო, რომ „შტეირი" კომპანია „აუსტრო-დაიმლერს" უნდა შერწყმოდა. უკვე დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე, 56 წლის ფერდინანდ პორშემ გადაწყვიტა, რომ საკუთარი ნაშრომით თვითონ ესარგებლა. ახალი კომპანია Dr.Ing.h.c.F.Porsche შტუტგარტში 1931 წლის 25 აპრილს გაიხსნა. მისი სრული სახელია „ტექნიკურ მეცნიერებათა საპატიო დოქტორ ფერდინანდ პორშეს საკონსტრუქტორო ბიურო ძრავების, ავტომობილების, თვითმფრინავებისა და ხომალდების შესაქმნელად". კომპანიას დღემდე ასე ეწოდება. წლების განმავლობაში მოპოვებულმა ავტორიტეტმა თავისი როლი შეასრულა და პორშეს შეკვეთები მოუმრავლდა. და მანაც არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონებით უპასუხა.
1931 წელს პორშეს ეკონომიური სახალხო ავტომობილის, „ფოლკსაუტოს" შემუშავება დაუკვეთეს. დამზადდა სამი ეგზემპლარი. მანქანა სახელგანთქმული „ხოჭოს" პროტოტიპი გახდა. ისტორიკოსებისა და ბიოგრაფების მტკიცებით, პორშეს მხოლოდ ეს მანქანა რომ შეექმნა, ისტორიაში დასარჩენად ესეც ეყოფოდა. ფერდინანდის ახალმა სარბოლო ავტომობილმა 1934 წლიდან 1937 წლამდე მრავალი რეკორდი დაამყარა ევროპის სარბოლო ტრასებზე. პორშე-უფროსი მუშაობდა ტრაქტორებისა და ქარის ძრავებზე. 1934 წელს მან წინადადებით მიმართა გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროს, შეექმნათ სახალხო ავტომობილი „ფოლკსვაგენი". ადოლფ ჰიტლერმა პორშეს იდეაში მომგებიანი პროპაგანდისტული სვლა დაინახა. 1935 წლის შემოდგომაზე გერმანიის ქუჩებში ავტომობილების პირველი პროტოტიპები გამოჩნდა. კიდევ ერთი წლის შემდეგ პორშეს დაუკვეთეს ქარხნის კონსტრუქცია „ფოლკსვაგენების" წარმოებისთვის.
ფერდინანდს შეკვეთები სხვაც მრავლად ჰქონდა, ამიტომ 1938 წელს შტუტგარტში გადავიდა საცხოვრებლად, იქ უკვე მოქმედებდა არცთუ დიდი ქარხანა, რომელიც ავტომობილების პროტოტიპებს აწარმოებდა. კონსტრუქტორის ომიწელიწად-ნახევრის განმავლობაში გამართულმა წარმოებამ 1940 წელს არა სახალხო, არამედ სამხედრო ავტომობილი KDF-ი („კრაფტ დურხ ფროიდე" - „სიხარული ძალისგან") გამოუშვა. 1945 წლამდე ამზადებდნენ ჯიპებს, სამეთაურო ავტომობილებს, ამფიბიებს. მთელი წარმოება ფრონტისთვის მუშაობდა. ომის დროს პორშე თავის საკონსტრუქტორო ბიუროსთან ერთად მონაწილეობდა „სიკვდილის იარაღის" შექმნაში. სხვა გამოჩენილ კონსტრუქტორებთან ერთობლივი მუშაობის შემდეგ, წარმოებაში ჩაუშვეს ტანკები „ვეფხვი" და „პანტერა", თვითმავალი მოწყობილობა „ფერდინანდი". მოგვიანებით შექმნეს უფრო მძიმეწონიანი მოდელები, მაგალითად, „სამეფო ვეფხვი". იყო კიდევ ერთი ექსპერიმენტული ურჩხული, 170-ტონიანი ტანკი „მაუსი". მაგრამ არც ის და არც რომელიმე „ვეფხვთაგანი" პორშეს ცხოვრებაში მთავარი მოვლენა არ ყოფილა. ომის დასრულების შემდეგ, პორშეები ომამდელი თუ ომისდროინდელი წარსულის გამო არასაიმედოდ შერაცხეს.
1945 წლის დეკემბერში მამა-შვილი ფრანგულ ციხეში აღმოჩნდა. ვაჟმა ფერდინანდმა (ფერიმ), რომელიც 1946 წლის მარტში გაათავისუფლეს, იტალიაში ახალი შეკვეთები მიიღო და იმ ფულით მამამისი დაიხსნა. გზად შინისაკენ კონსტრუქტორი დიდად გაახარა ცნობამ, რომ მისი საყვარელი პირმშოს, „ფოლკსვაგენის" წარმოება უკვე მუშაობდა, თუმცა ვოლსბურგის ქარხანაში თავისი კონსტრუქტორები ჰყავდათ და ფერდინანდის დახმარება აღარ სჭირდებოდათ. კომპანიამ სპორტული ავტომობილების სრულყოფა განაგრძო. 1948 წელს პატარა სახელოსნოს ჭიშკრიდან პირველი „პორშე 356" გამოვიდა, რომელიც პორშე-უფროსის მემკვიდრის, ფერდინანდ პორშე-უმცროსის მიერ იყო შექმნილი. 1950 წლის 3 სექტემბერს, პორშე-უფროსის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მას შავი „პორშე 356 კუპე ფერდინანდი" უსახსოვრეს. ერთი წლის შემდეგ კონსტრუქტორი გარდაიცვალა. ის პატარა ავსტრიული ქალაქის, ცელ-ამ-ზეეს სასაფლაოზე დაკრძალეს. მსოფლიო ლეგენდის საქმე მისმა ვაჟმა და სეხნიამ განაგრძო. მაგრამ ეს უკვე სხვა, არანაკლებ საგულისხმო ისტორიაა. ფერი პორშე სიცოცხლის ბოლომდე, 1998 წლამდე, კომპანიის მართვაში აქტიურად მონაწილეობდა... დღეს ვაიზახის კვლევით ცენტრში მეცნიერები, ინჟინერები, ტექნიკოსები არა მარტო „პორშეს" ავტომობილებს ქმნიან და ცდიან, არამედ მანქანებსა და კონცეფციებს სხვა ავტომწარმოებლებისთვისაც.
გამოყენებულია „ეკოპალიტრის" მასალები