სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ერთ-ერთია იმ მოხელეებს შორის, რომლებიც ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდნენ.
როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს გასული წლის ანგარიშშია აღნიშნული, დაჯარიმების მიზეზი გახდა - შეუსაბამობა ოჯახის წევრის უძრავ ქონებაში. ამასთან, მითითებული არ არის საკუთარი და ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები და სამეწარეო საქმიანობა, ასევე დეკლარაციაში გამოვლინდა შეუსაბამობა შემოსავლების ნაწილში.
2019 წლის 19 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სააგენტოს ხელმძღვანელი ფლობს, 3 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ამბროლაურში. მასვე ეკუთვნის, ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარები, რომელიც 2018 წელს 10 ათას ლარად შეიძინა.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 36 857 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 800 დოლარი ჰქონდა. ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ხიდურელს 3000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის განვადებაც ჰქონდა, რომლის შედეგად მისმა წლიურმა გასავალმა 1000 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ხიდურელს არ აქვს მითითებული თუ რა შეადგინა მისმა შემოსავალმა სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ხიდურელი ცხოვრობს, დედასთან, დეიდასთან და ძმასთან ერთად. მისი ძმა ფლობს მოტოსატრანსპორტო საშუალება მოპედი - ვესპას, რომელიც 2018 წელს 5 000 ლარად იყიდა. ხიდურელის დედა ფლობს 3 800 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და 250 კვ. მეტრი ფართობის აგარაკს ამბროლაურში და 100 კვ. მეტრის ბინას თბილისში. დეკლარაციაში არ არის მითითებული 2018 წლის შემოსავალი, თუმცა, 2017 წელს ხიდურელის დედის შემოსავალი ახალ სკოლაში პედაგოგობისას - 20 000 ლარი იყო. მისი დეიდა კი ფლობს - 80 კვ. მეტრისა და 50 კვ. მეტრი ფართობის ორ საცხოვრებელ სახლს თბილისში.