დღეიდან 1-ლი თებერვლიდან სამი ცვლილება ამოქმედდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ ამ ცვლილებების შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას.
დღეიდან, სესხის გამცემი პირებისთვის ახალი შეზღუდვა ამოქმედდება
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული. საუბარია, სესხის გამცემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა.
კერძოდ, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მისო-ს და სესხის გამცემ სუბიექტს 1-ლი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.
აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაცია ორგანიზაციებისთვის 2019 წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სებ-ის გადაწყვეტილებით რამდენიმე თვით მისი გადავადება მოხდა.
დღეიდან წყლის აბონენტად დარეგისტრირებაზე ტარიფი იცვლება
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 24 იანვრის საჯარო სხდომაზე ცვლილებები შევიდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“. შედეგად, ახლებურად განისაზღვრა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადები და პროცედურები.
სემეკ-ის ცნობით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად, დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების (20 მმ) საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების (0-100მმ) საფასური 1 000 ლარიდან 800 ლარამდე შემცირდება.
რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი), იქ არსებული საფასური ნარჩუნდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში დენის და გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირება უკვე გაძვირდა. კერძოდ, 2020 წლის იანვრიდან გაზის ახალ აბონენტად რეგისტრაცია 400-დან 800 ლარამდე გაიზარდა, უფრო ადრე, 2019 წლის სექტემბრიდან კი, დენის ახალ აბონენტად რეგისტრაცია 600 ლარი გახდა.
დღეიდან ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი შედის ძალაში
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ფრინველის ხორცის შესახებ „ტექნიკური რეგლამენტი - ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიიღო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს ბიზნესოპერატორმა, ხოლო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
„ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, გაციების მეთოდიდან გამომდინარე, წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.
რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირება. რეგლამენტის თანახმად, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
ამასთან, ეტიკეტზე მეურნეობის ტიპის და ფრინველის ზრდის/გამოყვანის მეთოდების მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, დადგენილება ძალაში ეტაპობრივად შევა. ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2020 წლის პირველი თებერვლიდან, ხოლო ნაწილი - 2024 წლიდან.