"არასოდეს გვინახავს სხვა ვინმე, ვისაც ასეთი სიყვარულით და მღელვარებით უსაუბრია საკუთარ ქვეყანაზე, როგორც თქვენ ორნი საუბრობთ"- ერთ-ერთ შეკრებაზე ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა მე და ჩემი მეგობარი ასე შეგვაფასეს. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს თითოეული ქართველის საკმაოდ სწორი და ზუსტი დახასიათებაა, რადგან ჩვენ გულწრფელად გვსურს გაჩვენოთ, რომ საქართველო ჭეშმარიტად ის ქვეყანაა, რომელიც ერთხელ მაინც უნდა მოინახულოთ და ჩვენი სტუმართმოყვარეობა შეიგრძნოთ. რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის სიყვარული გასაკვირი არც არის, მაგრამ, სულ სხვაა, როცა ამ სიყვარულში მოგზაურებიც გიერთდებიან.
ანტუან დ., მაგისტრატურის სტუდენტი პოლიტიკის მეცნიერებებში, საფრანგეთიდან
"გამარჯობა! მე საფრანგეთიდან ვარ და საქართველოში 2018 წლის ზაფხულში ვმუშაობდი. საქართველო არაა პირველი ქვეყანა, სადაც ვიმოგზაურე, მაგრამ ნამდვილად იყო ის პირველი, სადაც დაბრუნება გადავწყვიტე. ვფიქრობ, საქართველოში ცხოვრების შემდეგ ჩემი პიროვნება საკმაოდ შეიცვალა. თითქოს ახალი "მე" დაიბადა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს ქვეყანაში მოუსვენრად ვგრძნობდი თავს, მაგრამ მიზეზს ვერ ვპოულობდი. საქართველოში კი ეს გავარკვიე. საფრანგეთში მატერიალიზმმა გონება ამირია და სრულიად დამავიწყდა რას ნიშნავს უბრალოება. აქ კი არ უნდა გეშინოდეს საკუთარი თავის გამომჟღავნების და იმის, რომ უბრალოდ მეგობრული, გახსნილი იყო. შესაძლოა, ეს ყოველივე სხვა ქვეყანაშიც გამეაზრებინა, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ საქართველომ ნამდვილად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება სხვების მიმართ.
აქ მოგზაურობა იყო ნამდვილად ადამიანური გამოცდილება და იმედი მაქვს, რომ ამ სულს ბოლომდე შეინარჩუნებთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის, რაც დასავლური კულტურისგან შეიძლება გადმოიღოთ, მაგრამ საქართველოს თავის ინდივიდუალური გზა აქვს, ყველასგან განსხვავებული.
რაც აუცილებლად მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ამ ქვეყანამ ჩემი ხარჯვის კულტურაც შეცვალა. არსად მიყიდია იმდენი ხილი და ბოსტნეული, როგორც აქ. ჩვენს დასავლურ საზოგადოებაში, იშვიათად თუ იპოვი გემრიელ ხილს. თითქმის ყველა სათამაშოს ჰგავს და უგემურია. ალბათ, კითხვაც არაა საჭირო თუ რატომ უჭირავს საქართველოს ასეთი დიდი ადგილი ჩემს გულში. ქვეყანა ღვინით, ყველითა და პურით-სხვა რა უნდა უნდოდეს ფრანგს?"
მაქსიმ ბუტნიკ, სკოლის მოსწავლე რუსეთიდან
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა. აქ პირველად მოგზაურობისას, გავიფიქრე, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი და ასეც მოხდა. მას შემდეგ სამჯერ მოვინახულე თბილისი. ეს არის გასაოცარი ქვეყანა, უნიკალური ენით, ულამაზესი ბუნებით და კეთილი, მეგობრული ხალხით. საკმაოდ ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და მათთან ყოფნისას ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს სახლში ვარ. ქართველები შენზე იზრუნებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დაგეხმარონ.
ამასთან ერთად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო. არ ვიცი რა არის ამის საიდუმლო, მაგრამ დამიჯერეთ, ერთხელ თუ გასინჯავთ, აღარასოდეს დაგავიწყდებათ. საქართველოს ბუნება კი სუნთქვისშემკვრელია, თითქოს ადამიანის ხელი არც არასდროს შეხებია.
ქართულ ენას რაც შეეხება, ჩემთვის მისი სწავლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ყველაზე მეტად ბგერების გამოთქმა მიჭირდა, მაგრამ სწორედ ამიტომ არის ქართული ასეთი საინტერესო. შემიძლია მთელი ცხოვრება ვისაუბრო საქართველოზე და გირჩევდით, რომ აუცილებლად მოინახულოთ ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა."
ჰუსეინ აბასლი, სკოლის მოსწავლე აზერბაიჯანიდან
"საქართველოში ორჯერ ვარ ნამყოფი. პირველად მატარებლით ჩამოვედი და გულწრფელად რომ ვთქვა, სადგურთან ახლოს მიტოვებულმა შენობებმა, თბილისზე ცოტა არ იყოს უარყოფითი შთაბეჭდილება დამიტოვა. წარმოვიდგინე, რომ ქალაქი ნისლიანი და მოქუფრული იქნებოდა, მაგრამ საკმარისია ქალაქის ცენტრში გახვიდე, რომ წარმოდგენა რადიკალურად შეგეცვლებათ. თითქოს ქალაქი თავად გაცნობს თავის თავს.
თბილისში ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი და მინდა ვთქვა, რომ ყველა სხვა ქალაქისგან განსხვავებულია. სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებით ქალაქს ფერადი და ჰარმონიული ენერგია აქვს. აქ ხალხმა მაჩვენა როგორ უნდა ვიყო კმაყოფილი იმით, რაც მაქვს.
რაც ყველაზე მთავარია, ქართველებმა მასწავლეს თუ რა არის ნამდვილი სიყვარული.
ხშირად ამბობენ, რომ პარიზია სიყვარულის ქალაქი, მაგრამ ჩემთვის სიყვარულთან სწორედ თბილისი ასოცირდება. ყოველთვის ვეუბნები ჩემს მეგობრებს, რომ თუ ნამდვილი ცხოვრების გემოს შეგრძნება სურთ, აუცილებლად უნდა გასინჯონ ქართული სამზარეულო. საქართველოს ყოველთვის დიდი ადგილი ექნება ჩემს გულში,რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც სიცოცხლით გავსებს."
ლუის არტურო ბასავე, ესპანური ენის პროფესორი მექსიკიდან
"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ვიმოგზაურებდი. ეს უბრალოდ შემთხვევითი არჩევანი იყო ჩემთვის, თუმცა შემდეგ აქ ცხოვრება ერთ დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებად გადაიქცა. ეს იყო ახალი სამყარო, სადაც ბევრი მეგობარი გავიჩინე, გავსინჯე ქართული სამზარეულო და ქვეყნის საინტერესო ისტორიას გავეცანი.
"მეორე სახლი"- როცა ეს სიტყვები მესმის, სწორედ საქართველო მახსენდება. ეს არის ის ქვეყანა, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ. ქართული მუსიკა, ტრადიციები და მათი სტუმართმოყვარეობა არის ის, რასაც სხვა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ გამოცდი. მე მიყვარს საქართველო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოგზაურობისთვის არაჩვეულებრივი ადგილია, არამედ იმიტომ,რომ ეს არის ქვეყანა, სადაც შენი გული და სული სამუდამოდ დარჩება."
ავტორი: მარიამ ქუხილავა